საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პანდემიის არასწორი მართვისთვის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პანდემიის არასწორი მართვისთვის ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის პროკურატურამ ქვეყნის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პანდემიის პერიოდში „სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის“ ბრალი წაუყენა. გამოძიების ეს ნაწილი იკვლევს, თუ რამდენად ეფექტიანად უპასუხა პანდემიის დასაწყისში მაკრონის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებს.

ანიეს ბუზინს, საფრანგეთის მართლმსაჯულების სასამართლოს პროკურორებმა, რომლებიც მთავრობის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს იკვლევენ, ბრალდება პარასკევს წარუდგინეს. ბუზინი, რომელიც პროფესიით ჰემატოლოგია, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2017 წლის მაისიდან 2020 წლის თებერვლამდე იკავებდა. მან პოსტი პარიზის მერის არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ანიეს ბუზინი მაკრონის მთავრობის პირველი წევრია, რომელსაც სასამართლო ბრალს წაუყენებს. მაკრონის ოპონენტებმა მთავრობის მიერ პანდემიის მართვა, რომელსაც ჯამში 115,000 ადამიანი ემსხვერპლა, მათი კამპანიის ცენტრალურ საკითხად აქციეს. გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრ  ედუარ ფილიპის სახლსა და ოფისში.

როგორც ბუზინის ადვოკატი, ასევე მაკრონის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია, თუ ვინ არის კიდევ პრეზიდენტის მთავრობიდან გამოძიებაში ჩართული. წინასწარი ბრალდებით, ყოფილ მინისტრს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, წინასწარი ბრალეულობა ოფიციალურ პირებს გამოძიების გაფართოების საშუალებას აძლევს, რომელსაც შესაძლოა  სასამართლო განხილვა ან პროცესის გარეშე ბრალდების გაუქმება მოჰყვეს.

რაც შეეხება ბუზინის ბრალეულობას, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა კრიტიკა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში გამართული პრესკონფერენციისას გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. პრესკონფერენციაზე ბუზინმა თქვა, რომ კორონავირუსის გავრცელების ალბათობა მოსახლეობაში ძალიან დაბალი იყო. აღსანიშნავია, რომ ბუზინის განცხადებამდე ორი დღით ადრე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის ადამიანების მიერ ერთმანეთში გადაცემის შესაძლებლობა დაადასტურა. თუმცა მას შემდეგ, რაც ბუზინმა თანამდებობა პარიზის მერობის არჩევნებში წარუმატებელი მცდელობისთვის დატოვა, განაცხადა, რომ ცუნამი უკვე მოახლოებული იყო.

ჯანდაცვის მინისტრს პანდემიისთვის ქვეყანაში პირბადეებისა და სხვადასხვა დამცავი აღჭურვილობის დეფიციტის გამოც აკრიტიკებენ. პანდემიის პერიოდში კოვიდ-19-ით  გარდაცვალების შემთხვევებით საფრანგეთი განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობა საფრანგეთში ჩამოუვარდებოდა გაერთიანებული სამეფოსა და იტალიის მაჩვენებელს. პროკურორები ბუზინისთვის ბრალდების წაყენებას კატასტროფის შეჩერებაში მარცხის გამოც განიხილავდნენ, რაც, საფრანგეთის კანონმდებლობით, ორ წლამდე პატიმრობით ისჯება. თუმცა ამ შემთხვევაში ბუზინი გამოძიების მნიშვნელოვან მოწმედ დაასახელეს.

2020 წლის ივნისში, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოსმენის დროს, ანიეს ბუზინმა დაიცვა პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე თავისი ქმედება და ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას მიღებული გადაწყვეტილებები. ბუზინის თქმით, მან გაააქტიურა ქვეყნის სასწრაფო სამედიცინო სისტემა საავადმყოფოებში საწოლების გასათავისუფლებლად, რომლებიც ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საჭირო იქნებოდა. ყოფილ მინისტრს სჯერა, რომ მან ჯანდაცვის სისტემა პანდემიისთვის სწორად მოამზადა, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.

 

ფოტო: LUCAS BARIOULET/AGENCE FRANCE-PRESSE