Balenciaga-სა და The Simpsons-ის კოლაბორაციით სპეციალური სერია მომზადდა

Balenciaga-სა და The Simpsons-ის კოლაბორაციით სპეციალური სერია მომზადდა

დემნა გვასალიას Balenciaga-სა და ცნობილ სატელევიზიო გადაცემა The Simpsons-ს შორის კოლაბორაცია შედგა. მეტ გროენინგმა და მისმა გუნდმა დემნა გვასალია ცნობილი სატირული ჟანრის მულტფილმის პერსონაჟად აქციეს და სპეციალური სერია Balenciaga-ს ჩვენებისათვის შექმნეს.

აღნიშნულ ეპიზოდში დემნა გვასალია სპრინგფილდში მიემგზავრება, რათა მისი მოსახლეობა პარიზში გასამართ Balenciaga-ს ჩვენებისათვის შეარჩიოს. კასტინგს კი თავად ბრენდის სულის ჩამდგმელი დემნა გვასალია ატარებს. საინტერესოა ისიც, რომ ეპიზოდში მულტფილმის პერსონაჟებს სწორედ Balenciaga-ს ტანისამოსი აცვიათ.

The Simpsons-ის სპეციალურ სერიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მოდის კრიტიკოსები, ისე კინოინდუსტრიის დამსახურებული წარმომადგენლები ნაწარმს დადებითაც აფასებენ და მის მიღმა დამალულ მესიჯებს ხედავენ. ცნობილი მოდის ინტერნეტგამოცემის, Business of Fashion-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ დემნა გვასალიამ ამ ნაბიჯით საკუთარი ბრენდის ახალ კოლექციას მნიშვნელოვანი პრეტექსტი შემატა.

მას სურდა, რომ ჩვენებამდე დამსწრე საზოგადოება გამხიარულებულიყო, თუმცა მის ფარულ მესიჯზეც ეფიქრათ. მოგეხსენებათ, დემნა გვასალიას კოლექციები მოდურ შინაარსთან ერთად საინტერესო კონტექსტსაც შეიცავს ხოლმე.

როგორც ჩანს, ქართველი დიზაინერი ცნობილ ტელესერიალს 10 წლის ასაკიდან უყურებს. ჩვენებისათვის სპეციალური ეპიზოდის მოსამზადებლად გვასალიამ მეტ გროენინგს მეილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ მათ გარეშე დღეს ის არ იქნებოდა, ვინც არის. სერიალის სცენარისტების პასუხმაც არ დააყოვნა და დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდას თავი კიდევ ერთხელ დაამახსოვრა.