გლობალური პასპორტის ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზეა

გლობალური პასპორტის ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის 34-ე ადგილზეა

The Henley–ის გლობალური პასპორტის ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის 34-ე პოზიციაზეა. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტი სწორედ საქართველოს აქვს. 2021 წლის მონაცემებით, ქართული პასპორტით მსოფლიოს 60 ქვეყანაში უვიზოდ შეგვიძლია მოგზაურობა, 41 ქვეყანაში – ვიზის გამოყენებით, ხოლო 95 ქვეყანაში COVID-19-ის რეგულაციების გამო აკრძალვები მოქმედებს.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების რეიტინგს, საინტერესოა, რომ საქართველოზე მხოლოდ რამდენიმე პოზიციით წინაა რუსეთი, რომელიც გლობალური პასპორტის ინდექსში 31-ე ადგილზეა. მიმდინარე წელს რუსეთის მოქალაქეებს მსოფლიოს 65 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა, 37 ქვეყანაში – ვიზის გამოყენებით, ხოლო 92 ქვეყანაში COVID-19-ის რეგულაციების გამო აკრძალვები მოქმედებს. თურქეთი 104 ქულით 33–ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, ისინი შესაბამისად  58–ე და  59–ე პოზიციაზე არიან.

The Henley–ის გლობალური პასპორტის ინდექსი საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებს ეფუძნება და 2006 წლიდან კვლევებს რეგულარულად ატარებს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ COVID-19-ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და სამოგზაურო ბარიერების გაზრდამ ინდექსის 16-წლიან ისტორიაში მობილობის ყველაზე დიდი ზრდა გამოიწვია. თუმცა ინდექსის შესადარისობის გამო დროებით დაწესებული შეზღუდვები უგულებელყოფილია.

სიის სათავეში იაპონია და სინგაპური მოექცნენ, რომელთა მოქალაქეებსაც თეორიულად მსოფლიოს 192 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ეს 166 მიმართულებით მეტია, ვიდრე ავღანეთის მოქალაქეებისათვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. 199 ქვეყანას შორის ავღანეთის პასპორტი „სიძლიერით“ რეიტინგის ბოლოშია. მის მოქალაქეებს მსოფლიოს მხოლოდ 26 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მოგზაურობის უფლება.

ტოპ-10 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • 1-2: იაპონია და სინგაპური( 192 მიმართულება)
  • 3-4: გერმანია და სამხრეთი კორეა (190 მიმართულება)
  • 5-8: ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი (189 მიმართულება)
  • 9-10: ავსტრია და დანია(188 მიმართულება)

რაც შეეხება ყველაზე ,,სუსტ“ პასპორტებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:

  • ავღანეთი (26 მიმართულება)
  • ირანი (28 მიმართულება)
  • სირია (29 მიმართულება)
  • პაკისტანი (31 მიმართულება)
  • იემენი (33 მიმართულება)
  • სომალი (34 მიმართულება)
  • ნეპალი და პალესტინა (37 მიმართულება)
  • ჩრდილოეთი კორეა ( 39 მიმართულება)