საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში 2020 წელს განხორციელებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. წარმოდგენილი მონაცემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერაა შეგროვებული.
გასული წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევებს 58 დაწესებულება აწარმოებდა. როგორც ირკვევა, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად საერთო ჯამში 148.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს 2019 წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აჭარბებს.
საქსტატის ინფორმაციით, ამის პარალელურად 6.2%-ით გაიზარდა კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხვი და 14,589 ადამიანი შეადგინა. აქედან 11,859 მკვლევარია, რომელთა 53.4%-ს – ქალები, 46.6%-ს კი კაცები წარმოადგენენ. მათ შორის უმეტესობა, 67.4% დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მფლობელია. სამეცნიერო კვლევებში ჩაბმულთაგან მაგისტრის წოდება ან მასთან გათანაბრებული განათლება 30.3%-ს აქვს მიღებული, დანარჩენი კი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირია.
კვლევებში მონაწილე ქალების უმეტესობა, დაახლოებით 22.5% 45-დან 54 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება, მათ ყველაზე მცირე ნაწილს კი, 1.4%-ს 25 წელზე ნაკლები ასაკის პირები შეადგენენ. რაც შეეხება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, სამეცნიერო სამუშაოებში ჩაბმული კაცების დიდი ნაწილი, 31.9% 65 წლის ან უფროსი ასაკისაა, 1.5% კი 25 წელზე უმცროსია.
ამას გარდა, აღსანიშნავია მკვლევართა გადანაწილება სამეცნიერო სფეროების მიხედვით. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი, 2,769 ადამიანი, რაც კვლევებში მონაწილე სპეციალისტების 23.3%-ია, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს. მკვლევართა 19.5% – ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების, ამაზე ცოტა ნაკლები, 19.2% კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროდან არის წარმოდგენილი.
სამეცნიერო სამუშაოებში ჩაბმულთა 17.8%-ს ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მიმართულების სპეციალისტები შეადგენენ, 15.9% კი სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია. მკვლევართა ყველაზე მცირე ნაწილი, 4%, სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით მომუშავე პირებზე მოდის. მეცნიერთა 0.3%-ის დასაქმების სფერო კი იდენტიფიცირებული არ არის.