ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, რომელიც მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი და ბრენდ Vetements-ის თანადამფუძნებელია, CFDA Awards-ის გამარჯვებული გახდა. მან აღნიშნულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც „მოდის ოსკარს“ უწოდებენ, „ქალის სამოსის წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის“ ნომინაციაში მოიპოვა.
კატეგორიაში დემნასთან ერთად ცნობილი მოდის სახლების კრეატიული დირექტორები და დამფუძნებლები იყვნენ წარმოდგენილნი. მათ შორის Bottega Veneta-დან დანიელ ლი, Prada-დან რაფ სიმონსი და მიუჩა პრადა, Valentino-დან პიერპაოლო პიჩოლი და JACQUEMUS-დან სიმონ ჟაკმუსი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდო დემნა გვასალიამ პირველად 2017 წელს მოიპოვა. მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ქართველმა წარმომადგენელმა მაშინ „წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაში“ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად გვასალია კიდევ ერთ პრესტიჟულ, ბრიტანულ მოდის დაჯილდოებაზე „წლის საუკეთესო დიზაინერის“ ნომინაციაშია წარდგენილი. დემნას კონკურენტები დანიელ ლი (Bottega Veneta), რაფ სიმონსი და მიუჩა პრადა (Prada), ჯონათან ანდერსონი (JW Anderson და LOEWE) და კიმ ჯონსი (Dior Men და Fendi) არიან. მათ შორის გამარჯვებული 29 ნოემბერს გამოვლინდება.