საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმისგან შემოსულ თანხაზე და ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულზე. მაკროეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ლარის კურსის სტაბილურობაც ფულად გზავნილებსა და ტურიზმზეა მიბმული. საქონლით ვაჭრობის 5-მილიარდდოლარიან დეფიციტს თითქმის აკომპენსირებს უცხოური ვალუტის შემოდინების აღნიშნული ორი წყარო. საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით, საინტერესოა, რა ტენდენციაა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების მხრივ როგორც ტურიზმში, ასევე ფულად გზავნილებში.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსავლები სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით – 2016 წლიდან. 2015 წელს ვარდნა იყო რეგიონის ქვეყნებში არსებული კრიზისის გამო. 2016-2019 წლებში ტურიზმიდან და გზავნილებიდან ჯამში ყოველწლიურად საშუალოდ ნახევარი მილიარდი დოლარით მეტი შემოდიოდა, ვიდრე წინა წელს. წლიურ ნახევარმილიარდიან ზრდაში 350 მლნ დოლარი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.
საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელს საქართველოში 9,358,000 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც რეკორდული და, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი რიცხვიცაა. ვიზიტორებში ითვლება ნებისმიერი სხვა ქვეყნის რეზიდენტი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ესენია: ტურისტები (ვინც საქართველოში, მინიმუმ, 24 საათს გაჩერდა), ერთდღიანი ვიზიტები და ტრანზიტი. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს საქართველოში 678 ათასით (7.8%-ით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 324 ათასით (6.8%-ით) გაიზარდა და 5.1 მლნ-ს მიაღწია.
2019 წელს ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ძირითადად შემდეგმა ქვეყნებმა განაპირობა: აზერბაიჯანი +102 ათასი, ევროკავშირის ქვეყნები +97 ათასი, სომხეთი +96 ათასი, რუსეთი +67 ათასი და თურქეთი +58 ათასი. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან პირდაპირი ფრენები აიკრძალა, წლიურ მონაცემში მაინც ზრდა დაფიქსირდა და ჯამში 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა. ზრდა იანვარ- -ივნისის მაჩვენებლების ხარჯზე მოხდა. წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი 165 ათასით იყო გაზრდილი. 2019 წლის ივლის-აგვისტოში კი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსი ვიზიტორების რიცხვი 98 ათასით შემცირდა. რუსეთის მიერ ფრენებზე ემბარგოს დადების შემდეგ, საქართველოში ტურიზმის მიმართ მოლოდინი მკვეთრად გაუარესდა, თუმცა რეალობა უკეთესი აღმოჩნდა. წლის მეორე ნახევარში რუსი ვიზიტორების დანაკლისი სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდამ გადაფარა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის მეორე ნახევარში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ევროკავშირიდან ვიზიტორების ჯამში 300 ათასით ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული სანქციის გამო ვიზიტორებისა და ტურისტების რიცხვი არ შემცირებულა, 2019 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან 84 მლნ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, ვიდრე 2018 წლის მე-3 კვარტალში. ეს განაპირობა იმან, რომ რუსი ტურისტების კლება შედარებით დაბალბიუჯეტიანი ქვეყნებიდან ჩამოსულთა მატებამ გადაფარა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე საქართველოში საშუალოდ 6.6 დღეს ატარებდა, სომხეთის – 2.5-ს, აზერბაიჯანის – 2.3-ს და თურქეთის – 1.6-ს.
დასვენების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რუსი ტურისტი დაახლოებით 2-ჯერ მეტს ხარჯავდა, ვიდრე აზერბაიჯანელი და სომეხი. ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები რუსეთის მოქალაქეებზე 1.7-ჯერ მეტს ხარჯავენ, თუმცა მაღალი ზრდის ტემპის (26% 2019 წელს) მიუხედავად, ჯერჯერობით ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა რუს ვიზიტორებისაზე 3-ჯერ ნაკლებია. 2019 წლის მე-4 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ჯერ სრულად ცნობილი არ არის. თუმცა უკვე გამოქვეყნებულია უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციები, რაზეც ტურისტების დანახარჯის 80% მოდის.
2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოური ბარათებიდან 108 მლნ დოლარით (20%-ით) მეტი დაიხარჯა, ვიდრე 2018 წლის მე-4 კვარტალში. ეს კი უჩვენებს, რომ მე-3 კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლებში დაფიქსირებული კლება მე-4 კვარტალში აღარ გაგრძელდა, პირიქით, მინიმუმ, $100-მილიონიანი მატება იყო. ეს ძირითადად განაპირობა იმან, რომ მე-4 კვარტალში რუსი ვიზიტორების 29 ათასით კლება ევროკავშირიდან (+25 ათასი), ისრაელიდან (+18 ათასი) და თურქეთიდან (+42 ათასი) ჩამოსულთა მატებამ გადაფარა.
2018 წელს რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში 16.2% იყო, 2019 წელს კი 15.7%-მდე შემცირდა. 2019 წელს ყველაზე დიდი კლება იყო ირანიდან, 149 ათასი ვიზიტორით ნაკლები ჩამოვიდა, რაც ძირითადად საქართველოს მიერ ირანის მოქალაქეების შემოშვებაზე გამკაცრებულმა წესებმა განაპირობა. ირანიდან ტურისტების კლებით საქართველომ, სულ ცოტა, 50 მლნ დოლარი დაკარგა. ტურიზმის მხრივ საკმაოდ კარგად დაიწყო 2020 წელი. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ზამთრის კურორტებზე თოვლის ნაკლებობა და წყლის მიწოდების პრობლემები იყო, ვიზიტორების რაოდენობა 20%- ით, ხოლო ტურისტების 19%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ვიზიტორთა მატებამ განაპირობა. ზრდა დაფიქსირდა რუსეთიდანაც – 1.1%-ით.
ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან საქართველოს მიგრაციის უარყოფითი სალდო აქვს. ქართველ ემიგრანტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდას. გადმორიცხულ თანხებზე უამრავი ოჯახია დამოკიდებული და ხშირად ემიგრანტი ოჯახის წევრის გადმორიცხული თანხა ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თუმცა, თუ მთლიან გადმორიცხვებს განვიხილავთ, ეს უკვე მაკროეკონომიკური მნიშვნელობის საკითხია – უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა და ზრდის მოსახლეობის გადახდისუნარიანობას, მოთხოვნას. ორივე ეს გარემოება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ეხმარება. რეალურად, საქართველო სამუშაო ძალის ექსპორტს ახორციელებს.
გვყავს ჭარბი დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალა, რომელზეც სიიაფის გამო განვითარებულ ქვეყნებში მოთხოვნაა. 2019 წელს საზღვარგარეთიდან საქართველოში 1.7 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის გადმორიცხვებზე 154 მლნ დოლარით (10%-ით) მეტია. ყველაზე მეტად გზავნილები იტალიიდან (+46 მლნ დოლარი), საბერძნეთიდან (+22 მლნ დოლარი), აშშ- დან (+19 მლნ დოლარი) და უკრაინიდან (+13 მლნ დოლარი) გაიზარდა. 2013 წლის შემდეგ ფულად გზავნილებში ძალიან საინტერესო ტენდენციებია. 2014 წლის ბოლოდან მკვეთრად დაიწყო რუსეთიდან გზავნილების შემცირება, რაც ნავთობის ფასის კლებით და რუსეთზე დაწესებული სანქციებით იყო გამოწვეული.
2015-2016 წლებში ამას დაემატა საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი და 2013 წელთან შედარებით გზავნილები 400 მლნ დოლარით (27%-ით) შემცირდა. 2017 წელს ფულადი გზავნილები ყველა ძირითადი ქვეყნიდან გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა რუსეთიდან, ევროკავშირიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა. 2018 წელს კი ისტორიული მოვლენა მოხდა, ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხებმა რუსეთიდან გადმორიცხვებს გადაასწრო, თან – 93 მლნ დოლარით. 2019 წელს კი მხოლოდ იტალიიდან და საბერძნეთიდან ჯამში 3 მლნ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან. ეს განაპირობა როგორც იტალიიდან და საბერძნეთიდან გზავნილების 68 მლნ დოლარით ზრდამ, ასევე რუსეთიდან გზავნილების 28 მლნ დოლარით შემცირებამ.
2019 წლის იანვრიდან რუსეთიდან გზავნილები ყოველთვე მცირდებოდა. ცალკე გამოსაყოფია ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდა, რაც 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი. 2019 წელს ისრაელიდან 163 მლნ დოლარი გადმოირიცხა. 2020 წელიც ფულადი გზავნილების ზრდით დაიწყო. იანვარში 2019 წლის იანვართან შედარებით 10 მლნ დოლარით (8.6%-ით) მეტი გადმოირიცხა, რაც მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და აშშ- დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. რუსეთიდან ფულადი გზავნილები 1.4 მლნ დოლარით (5%-ით) შემცირდა. საინტერესო სურათია გრძელვადიან ჭრილშიც. 2005 წელს რუსეთის წილი გზავნილებში 60% იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაცია განხორციელდა, წილი გაიზარდა და 2007 წელს მაქსიმალურ დონეს – 63%-ს მიაღწია. 2008-დან კი კლების ტენდენცია დაიწყო და პირველობა 2018 წელს დათმო.
2019 წელს მთლიანი გზავნილების 38% ევროკავშირზე მოდიოდა, რუსეთის წილი კი 25%-მდე შემცირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის წილიც. ევროკავშირიდან გზავნილების ზრდას და რუსეთიდან შემცირებას ერთი მთავარი მიზეზი აქვს: ახალი სამუშაო ძალა საქართველოდან ძირითადად ევროკავშირში მიდის და არა რუსეთში. რუსეთიდან გზავნილები ძირითადად 1990-იან და 2000-იან წლებში ემიგრაციაზეა დამოკიდებული, ემიგრანტების ახალი ნაკადი რუსეთში ნაკლებად მიდის. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს, რუსეთში შესასვლელად კი ვიზა გვჭირდება.