საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორში სულ რამდენიმე კომპანია დომინირებს. სექტორი ოთხ ძირითად ნაწილად შეიძლება დაიყოს, ესენია: მობილური მომსახურება; ფიქსირებული ინტერნეტი, მაუწყებლობის ტრანზიტი და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება. მათ შორის მომხმარებელთა რაოდენობითა და შემოსავლებით პირველ ადგილზე მობილური კავშირგაბმულობაა. 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში 5,084,434 აქტიური აბონენტია, თითოეული მათგანი მობილურ მომსახურებასა და ინტერნეტში თვეში საშუალოდ 9.90 ლარს იხდის. ჯამურად, 2021 წლის 7 თვეში მობილური ოპერატორების მიერ მიღებული შემოსავლები 306,702,000 ლარი იყო.
კომისიის ანგარიშების თანახმად, მობილური ოპერატორებისთვის ყველაზე მზარდი მიმართულება მობილური ინტერნეტია. 2021 წლის 7 თვეში აბონენტებმა 165,559 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-ით მეტია. ამასთანავე, შემცირების ტენდენცია აქვს 4G ინტერნეტის საფასურს, წელს ერთი გიგაბაიტის საშუალო ფასი 81 თეთრია, გასულ წელს კი მისი ფასი 1.05 ლარი იყო.
კვლავინდებურად დაღმავალია ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის მოცულობა. ამჟამად აღნიშნული სერვისით სულ 356,047 აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარს, მას 960,517 აბონენტი ჰყავს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 3.4%-ით გაიზარდა. ამასთან, კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა მიმდინარე წლის 7 თვეში 170.6 მილიონი ლარი შეადგინა.
ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობით პირველ ადგილზე თბილისია, სადაც მას 405 ათასი აბონენტი ჰყავს, მეორე ადგილზე 98 ათასი აბონენტით – იმერეთი, მესამეზე კი 87 ათასი აბონენტით აჭარაა.
მაუწყებლობის ტრანზიტი (ფასიანი ტელევიზია) სიდიდით მესამე სატელეკომუნიკაციო სეგმენტს წარმოადგენს და ის უმეტესად ფიქსირებულ ინტერნეტთან არის დაკავშირებული. აქაც ბაზრის #1 მოთამაშე „მაგთია”, რომელსაც 357,580 აბონენტი ჰყავს. მთლიანობაში მაუწყებლობის ტრანზიტის სერვისს ქვეყნის მასშტაბით 707,944 აბონენტი ჰყავს და მასში ყოველთვიურად აბონენტები საშუალოდ 10.5 მილიონ ლარს იხდიან.