Samsung-ი მობილურებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მიმართულებებს აერთიანებს

Samsung-ი მობილურებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მიმართულებებს აერთიანებს

Samsung-მა შიდა რეორგანიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიზნად კომპანიის ზრდისათვის მომზადებას და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს.

ამიერიდან, კომპანიას ორი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეყოლება: ერთი მიკროჩიპების ბიზნესს გაუძღვება, ხოლო მეორე – მობილური ტელეფონების, ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ეს კორეული გიგანტის ყველაზე მსხვილი შიდა რეორგანიზაციაა – მაშინ კომპანიამ სამი მიმართულების სამი ხელმძღვანელი დანიშნა.

მობილურების, ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესს კორეელი ჯონგ-ჰი ჰანი უხელმძღვანელებს, რომელიც გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში, Samsung-ის ტელევიზორების გლობალურ გაყიდვებზე იყო პასუხისმგებელი. მეორე აღმასრულებელ ხელმძღვანელად კორეელი კიეჰიუნ კიუნგი დაინიშნა, რომელსაც გასულ წლებში Samsung-ის DRAM-ის განვითარება ებარა.