მას მერე, რაც პანდემია თავს დაგვატყდა, განსაკუთრებით კი გასული წლის განმავლობაში, გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის ტემპი საგრძნობლად დაჩქარდა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის, ხოლო ქვეყნებმა რეგულაციების შემსუბუქების, ხშირად კი მათი საერთოდ გაუქმების გადაწყვეტილებები მიიღეს, პანდემიის დროს შეძენილი უნარ-ჩვევები და ტრენდები მაინც შენარჩუნებულია, – ამის შესახებ Visa-ს რეგიონალური პრეზიდენტი (CEMEA-ს რეგიონში), ენდრიუ ტორე წერს. თავის ბლოგში ენდრიუ ტორე იმ ტრენდებს ასახელებს, რომლებიც 2022 წელს გადახდების ინდუსტრიაში ყველაზე მეტ ყურადღებას მიიპყრობენ.
პანდემიის შედეგად, რადიკალურად შეიცვალა როგორც ონლაინ-, ასევე ოფლაინშოპინგი: ბიზნესები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ფიზიკურად ვაჭრობდნენ, ლოქდაუნის შედეგად ონლაინვაჭრობაზე გადაეწყვნენ, ხოლო მაღაზიებში უკონტაქტო გადახდების ფუნქციონალი დანერგეს. საბოლოო ჯამში, პროგრესი, რომელსაც ჩვეულებრივ ვითარებაში რამდენიმე წელი დასჭირდებოდა, ვაჭრობის ინდუსტრიამ, რეალურად, რამდენიმე თვეში განიცადა. ენდრიუ ტორეს თქმით, გლობალური გაურკვევლობის ფონზე, ნათელია ერთი რამ: ფულის მომავალი – ციფრულია.
ენდრიუ ტორე მიიჩნევს, რომ 2022 წელს გადახდების ინდუსტრიას ჩაშენებული ფინანსური ინსტრუმენტები, მწვანე გადახდები, მეტავერსი, Buy Now Pay Later-მოდელები, კრიპტოვალუტები და ღია ბანკინგი განსაზღვრავენ.
ჩაშენებული ფინანსური ინსტრუმენტები
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ღიაობისკენ მიმართულმა ინოვაციებმა ტრადიციულად რთული და კაპიტალინტენსიური საბანკო ინდუსტრია გაამარტივა – დღეს ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ფინტექად გადაიქცეს და საკუთარ მომხმარებლებს გაცილებით უფრო მეტი სერვისი შესთავაზოს, თან უფრო დაბალი ფასით. სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწის პარალელურად, ვაჭრობის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ ბანკებისა და სხვადასხვა ფინტექ-სტარტაპის მიერ მოწოდებული ფინანსური სერვისები მათი შემოსავლების გასაზრდელად.
მწვანე გადახდები
მას მერე, რაც გასულ წელს, COP26-ის შეხვედრაზე მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კლიმატის ცვლილება არნახული მასშტაბის პრობლემაა, რომლის მოგვარება გადაუდებლად უნდა დაიწყოს, მდგრადი პროდუქტების მიმართ მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ამ მიმართულებით საკუთარ როლს Visa-ც ასრულებს: Visa Eco Benefits-ის პროგრამის საშუალებით, ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ ბარათებში გარკვეული ფუნქციონალი ჩააშენონ, რომელიც მათ გარემოზე მათი ქცევის ზემოქმედების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
მეტავერსი
მეტავერსის წყალობით, ფიზიკური, ვირტუალური და გაფართოებული რეალობები ერთმანეთს შეერწყმება, რაც თავისთავად, აღმოცენების ხანაში მყოფ ვირტუალურ ეკონომიკას საგრძნობლად განავითარებს. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ მეტავერსი აქამდე არნახულ შესაძლებლობებს აჩენს, სირთულეები მასაც არ აკლია: ერთ-ერთი ასეთი სირთულე, Visa-ს თქმით, ელექტრონული კომპერციის ახალი არხების ეფექტიანობის შესწავლაა.
იყიდე ახლა, გადაიხადე მერე
ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად, იზრდება მომხმარებლების ინტერესი სხვადასხვა სახის საგადასახადო მოდულების მიმართ. საკრედიტო ბარათების მსგავსად, „იყიდე ახლა, გადაიხადე მერე“-ტიპის მოდული მომხმარებლებს სასესხო ხაზზე წვდომას უხსნის, მაგრამ გაცილებით უფრო მარტივად. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რისკებიც: სუბიექტებმა, რომლებიც ამგვარი ფინანსური სერვისის მიწოდებას გადაწყვეტენ, კარგად უნდა შეაფასონ საკრედიტო რისკები და დააბალანსონ ისინი სახსრების ღირებულებასთან და გააანალიზონ ეს მონაცემები დინამიკურ სამართლებრივ ჭრილში.
კრიპტოვალუტები
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს კრიპტოვალუტები კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და კომპანიები ფინანსურ სერვისებში მათ ინტეგრაციას დაიწყებენ. ამასთანავე, მსოფლიოს გარშემო ამ მიმართულების რეგულაცია დაიწყება, რაც პროცესებს კიდევ უფრო სანდოს გახდის. Visa ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელსაც სურს, რომ კრიპტოვალუტები ჩვეულებრივ ფინანსურ სერვისად აქციოს – ამ დროისთვის, ამ მიმართულებით, Visa 60 კომპანიასთან თანამშრომლობს.
ღია ბანკინგი
თავისთავად ცხადია, რომ პერსონალური მონაცემების გარეშე ჭეშმარიტად პერსონალური სერვისის მიწოდება – უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა ამასთანავე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სენსიტიური ინფორმაცია სათანადოდ შენახული და სწორად დამუშავებული იყოს. სხვადასხვა API-ის გამოყენებით, ადამიანებს საკუთარი ფინანსური ინფორმაციის გაზიარება შეუძლიათ, რისთვისაც ინოვაციურ ფინანსურ შემოთავაზებებს მიიღებენ. ამგვარად მოსალოდნელია, რომ შეიქმნება სრულად ახალი ფინანსური პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებენ.