საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის(GHG) ერთ მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიცია პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია DiFlex-მა მოიპოვა. აღნიშნული ინვესტიციით კომპანია საერთაშორისო დონის ციფრული პროდუქტების შექმნას დაიწყებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, მომავალი წლიდან საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეს.
ცნობისთვის, DiFlex-ი ACT-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიამ ეისითის სატელეფონო კვლევების მიმართულების მაღალი ექსპერტიზა კონკრეტულ ციფრულ პროდუქტებად აქცია. DiFlex-ის გამოცდილებითა და საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით კომპანიამ ონლაინ ქოლ-ცენტრის მომსახურება შექმნა, რომელიც უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, DiFlex-ის ციფრული პროდუქტი უფრო მარტივი ქოლ-ცენტრის კონცეფცია და საკომუნიკაციო პლატფორმაა. კომპანიის მუშაობით პლატფორმაში რამდენიმე მომსახურების ინტეგრირება მოხერხდა. შესაბამისად, DiFlex-ი კომპანიებს, რომელთაც არ აქვთ საოფისე ინფრასტრუქტურა, არ გააჩნიათ სერვერები, არ ჰყავთ ოპერატორები, მაგრამ სურთ ჰქონდეთ ქოლ-ცენტრი ან ცხელი ხაზი, საკუთარ მომსახურებას სთავაზობს ინოვაციური ციფრული პლატფორმის სახით.
ამ უკანასკნელის მთავარი უპირატესობა რამდენიმე ასპექტში გამოიხატება. მისი ტექნოლოგია მარტივად ადაპტირებადია ყველა ტიპის მოწყობილობაზე, არის მოქნილი და იძლევა დისტანციურად სარგებლობის საშუალებას, აღჭურვილია ინტუიტური ინტერფეისით და გააჩნია მანქანური დასწავლის მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ლოდინის დროსა და ხარჯებს.
ერთი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას კი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია საკუთარი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და სერვისის მაქსიმალურად დასახვეწად გამოიყენებს. ეს კი DiFlex-ს ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესი ერთი ორად დაჩქარდეს.