1-2 ივნისს თბილისში Spotlight Tech 2024 გაიმართა. ღონისძიება ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალებსა და ამ საკითხით დაინტერესებულ აუდიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, ეხმარება მათ ორიგინალური იდეების გაზიარებაში, ინოვაციების გავრცელებასა და ახალი კავშირების დამყარებაში. ღონისძიების წარმდგენი საქართველოს ბანკია.
Spotlight Tech-ზე ტექნოლოგიური მიმართულებების სპეციალისტები საერთო კონცეფციის გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებულ გამოცდილებას აზიარებენ. წელს ეს კონცეფცია „გაკვეთილები“ იყო. ღონისძიებას 50-მდე სპიკერი ჰყავდა და მათ შორის იყო საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ნადარეიშვილი, რომელმაც წინა ინდუსტრიული რევოლუციებიდან „გაკვეთილებზე“ ისაუბრა.
მიხეილ ნადარეიშვილი საქართველოს ბანკში ეხმარება ბიზნესს, დაგროვებული მონაცემები გამოიყენონ უკეთესი ბიზნეს-პროცესებისა თუ პროდუქტების შესამუშავებლად და, ზოგადად, უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ამ საქმიანობის ფარგლებში ის, გუნდთან ერთად, აგებს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, რომლებიც ბანკის ყველა მიმართულებაში მუშაობს. როგორც მიხეილი აღნიშნავს, ამჟამად ბანკში 50-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის მოდელია შექმნილი.
ამ ინტერვიუში მიხეილ ნადარეიშვილი გვიამბობს, რაზე ისაუბრა Spotlight Tech-ზე და რას ნიშნავს „ადამიანი VS AI”:
წლევანდელი Spotlight Tech-ის თემა იყო „გაკვეთილები“. თქვენი გამოსვლის მთავარი თემაც შეეხებოდა გაკვეთილებს წინა ინდუსტრიული რევოლუციებიდან – მოკლედ გვიამბეთ, რა იყო მთავარი მიგნებები, რომელზეც ღონისძიებაზე ისაუბრეთ?
Spotlight-ზე ვისაუბრე იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური პროგრესი დასაქმებაზე და როგორ იმოქმედებს კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენი დასაქმების შესაძლებლობებზე. გამოსვლის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს ადამიანებს, არამედ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამომყენებელი ადამიანები ჩაანაცვლებენ მათ, ვინც ამ ხელსაწყოებს არ იყენებს.
რა კუთხით ეხმიანება წინა ინდუსტრიული რევოლუციები დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესს და მზარდ ინტერესს AI-ის მიმართ? რა „გაკვეთილები“ გამოიტანა კაცობრიობამ წინა საუკუნეებიდან?
წინა ინდუსტრიული რევოლუციების გაკვეთილები გვასწავლის, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, საბოლოო ჯამში, ყველასთვის ქმნის მეტ შესაძლებლობებსა და სიმდიდრეს. მთავარია, ფეხი ავუწყოთ მას და დროულად ავითვისოთ ის ახალი ცოდნა, რომელიც დაგვჭირდება პროგრესის შედეგად გაჩენილი ახალი ხელსაწყოების ოპტიმალურად გამოსაყენებლად.
ეს დინამიკა ყველა ინდუსტრიული რევოლუციისას იგივე იყო: 200 წლის წინ იყო საკერავი მანქანა (და ზოგადად მექანიზაცია), 40 წლის წინ – პერსონალური კომპიუტერი, დღეს ეს ხელოვნური ინტელექტია. ყველა შემთხვევაში იყო პროფესიები, რომლებიც გაქრა, პროფესიები, რომლებიც გადასხვაფერდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პროდუქტიულობის ზრდამ ყველასთვის მეტი სიმდიდრე მოიტანა.
რა იყო ინსპირაცია თქვენთვის, როცა ამ თემას არჩევდით?
ხშირად მესმის წუხილი იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას ჩაგვანაცვლებს და, უხეშად რომ ვთქვათ, „მატრიცის“ ან „ტერმინატორის“ სცენარი განვითარდება. ჩემი აზრით, ეს ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის რადიკალურად არასწორი გაგებაა და მინდოდა, აუდიტორიისთვის სხვანაირი, ჩემი გადმოსახედიდან უფრო სწორი ხედვა შემეთავაზებინა.
რა არის თქვენი სამომავლო პროგნოზი ან რჩევა, როგორ შეუძლიათ ბიზნესებს მოემზადონ მომავალში AI-driven ეკონომიკისთვის?
როგორც ყველა ტექნოლოგიური პროგრესისას, ახლაც მთავარი იქნება განათლების სწორი პოლიტიკა, იქნება ეს ქვეყნის დონეზე, თუ ბიზნესების დონეზე. სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ხელსაწყოების გათვალისწინებით უნდა განაახლონ პროგრამები, ხოლო ბიზნესები უწყვეტად უნდა ეცნობოდნენ დიდ სიახლეებს ამ მიმართულებით (რომელიც ლამის ყოველ კვირას გვაქვს) და ფიქრობდნენ, როგორ შეიძლება ეს წინსვლა საკუთარი პროდუქტიულობის ასამაღლებლად გამოიყენონ.
რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის Spotlight Tech -ზე სპიკერად ყოფნა და როგორ შეფასებდით ღონისძიების მნიშვნელობას ადგილობრივი ტექ. კომუნისთვის?
Spotlight Tech-ზე გამოსვლა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ასე კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის. ტექნოლოგიური თემატიკის შეკრებები, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ მიმართულებაში მომუშავე ადამიანები ერთმანეთს შევხვდეთ და გავუზიაროთ ცოდნა და სიახლეები. S