ADB საქართველოს ეკონომიკას აფასებს

ADB საქართველოს ეკონომიკას აფასებს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) მიმდინარე წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. წინა პროგნოზთან შედარებით, საფინანსო ინსტიტუტს საქართველოს მშპ-ს ზრდის პროგნოზი არ შეუცვლია. 2019 წლისთვის კი ბანკი საქართველოში 4.7%-იან ზრდას ვარაუდობს.  თავის ანგარიშში ADB აღნიშნავს, რომ 2018 წელს საქართველოში ზრდა 2017 წელზე ნაკლები იქნება.

“საპენსიო და კაპიტალის ბაზრის დაგეგმილი რეფორმები ქვეყანაში წაახალისებს ინვესტიციებსა და დანაზოგებს. პროგნოზის გაუარესების რისკად რჩება ექსპორტის შესაძლო შემცირება, რაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკების შენელებას უკავშირდება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ADB აღნიშნავს, რომ საქართველოდან ექსპორტი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. მათ შორის ADB ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სერვისის ექსპორტის კუთხით გააქტიურება, მათ შორის, ბიზნეს, საინფორმაციო და კომპიუტერული მიმართულებით. ამისთვის კი როგორც ბანკი წერს, საგადასახადო რეფორმაა საჭირო.

“საქართველომ უნდა იმუშავოს მეტი, რათა მოახდინოს ბიზნესის დაახლოვება ახალ ტექნოლოგიებთან”, – აღნიშნავს ADB.

ADB ქართულ საბანკო სისტემასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები მოგებიანი და კარგად კაპიტალიზებულია. 2017 წელს ბანკების მოგება 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო „უმოქმედო სესხების“ წილი მთლიან პორტფელში 4%-ზე დაბლა რჩება.

მიმდინარე წელს ADB საქართველოში ინფლაციის 3.5%-მდე შემცირებას ელოდება, 2019 წლისთვის კი 3.0%-მდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.