მეთევზეთა პატარა სოფლიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მეგაპოლისად ტრანსფორმაცია ბევრისთვის შთამბეჭდავი ისტორიაა. თუმცა დუბაის ისტორიაზე არანაკლებ შთამბეჭდავია მომავლის ხედვა, რომელიც შესაძლებლობებისა და ინოვაციების იდეალური ნაზავია.
მიმზიდველი სანაპირო, ოქროსფერი უდაბნო, ცათამბჯენების რიგი მხოლოდ მცირედია იმ გამოცდილების, რომელსაც არაბეთის ყურეში გაშენებული დუბაი გიმზადებთ.
მართალია, დუბაიში ყველა სეზონის შესაფერის ატრაქციას იპოვით, თუმცა სასურველია, ქალაქში მოგზაურობა გვიანი შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე პერიოდში დაგეგმოთ, რათა ქალაქისა და ბუნებისგან საუკეთესო გამოცდილება მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დუბაიში ძალიან ცხელია, ქალაქი მზის მწველი სხივებისგან თავდაცვისთვის სრულყოფილ ინფრასტრუქტურასა და გაგრილების სისტემებს დაგახვედრებთ.
თბილისიდან დუბაიში მოხვედრა მარტივია — თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ყოველდღიურად სრულდება.
დუბაიში არც თქვენი გემოვნებისა და პრეფერენციების შესაფერისი სასტუმროს პოვნა გაგიჭირდებათ. ქალაქში 800-ზე მეტი სასტუმროს 150,000-მდე ოთახია ხელმისაწვდომი, მაგრამ რადგან სასტუმროების დაჯავშნის მაჩვენებელი თითქმის 85%-ია, ამიტომ უკეთესი იქნება, თქვენი მოგზაურობის დაგეგმვისას, სასტუმროს ადრეულ ეტაპზევე თუ დაჯავშნით.
ასობით სასტუმროს შორის არჩევანის გაკეთება მარტივი სულაც არ იქნება, ამიტომ ჩვენ გირჩევთ, არჩევანი ხელოვნურად შექმნილ კუნძულ პალმა-ჯუმეირაზე განთავსებულ სასტუმროზე, FIVE Palm Jumeirah-ზე შეაჩეროთ. მაღალი კლასის სასტუმრო სანაპიროსა და დუბაის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანს, დუბაი-მარინას შორის მდებარეობს. ხუთვარსკვლავიან სერვისთან ერთად სასტუმროში იპოვით რესტორნების, ბარებისა და გართობის საშუალებების ფართო არჩევანს.
სასტუმროს მრავალფეროვნებით დატყვევებულებს, შესაძლოა, მისი დატოვება არც მოგინდეთ. თუმცა გარწმუნებთ, რომ მზიანი მეგაპოლისის მულტიკულტურული გარემო ბევრად მეტს გთავაზობთ.
სასურველია, დღის პირველი ნახევარი ქალაქის კულტურული და ისტორიული ძეგლების დათვალიერებას დაუთმოთ, ხოლო საღამოს კვლავ პალმის კუნძულზე დაბრუნდეთ და მზის ჩასვლის ცეცხლოვანი ხედებით დატკბეთ.
დუბაი მკაფიოდ მომავალზე ორიენტირებული ქალაქია. ამიტომ, პირველ რიგში, მომავლის მუზეუმს (MOTF) უნდა ესტუმროთ. აქ შესაძლოა იპოვოთ პასუხი კითხვაზე, როგორი იქნება საზოგადოების განვითარების ტრაექტორია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
შონ-კილას მეტალსა და მინაში გადაწყვეტილ არქიტექტურულ ნამუშევარზე, რომლის დიზაინზეც საამიროების ცნობილმა ხელოვანმა, მატარ ბინ ლაეჟმა იმუშავა, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ციტატაა დატანილი: „მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც შეუძლია მომავლის წარმოდგენა, დაგეგმვა და შესრულება. მომავალი არ არის ის, რასაც უნდა ველოდოთ, პირიქით, ის უნდა შევქმნათ!“
სწორედ ამ განაცხადს ეფუძნება მუზეუმის საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილია ხედვა, როგორი იქნება სამყარო დღეიდან 50 წლის შემდეგ — მომავლის გადაწყვეტილებები უკეთესი საზოგადოებისა და უფრო ძლიერი გლობალური ეკონომიკისთვის.
დუბაიში ხშირად მოისმენთ, რომ მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე. შესაბამისად, მომავლის შესაძლებლობებით ინსპირირებულნი დროებით წარსულშიც უნდა დაბრუნდეთ.
ერთიანობის მუზეუმი სწორედ ასეთი ადგილია. არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსების ადგილზე დღესაც იპოვით მოკავშირეთა სახლს, სადაც 1971 წელს ახლად დაფუძნებული ქვეყნის კონსტიტუციას მოეწერა ხელი. თავად მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში კი საშუალება გექნებათ, ზუსტად გაიგოთ, როგორ გაერთიანდა შვიდი საამირო ერთ ქვეყნად, როგორი იყო დამფუძნებელთა ხედვა ერთიანი ქვეყნისთვის და როგორია მომავლის ხედვა — ისტორიული ფოტოები, ფილმები, დოკუმენტები, ქვეყნის დამფუძნებელი მამების პირადი კოლექციები, ინტერაქციული პავილიონები ქვეყნის უახლესი ისტორიის უფრო ახლოს გაცნობაში დაგეხმარებათ.
მუზეუმში ტურის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ალ-ფაჰიდის ისტორიულ უბანს, სადაც XIX საუკუნის დუბაის ცხოვრების სტილს შეიგრძნობთ. ისტორიულ არქიტექტურულ ნაგებობებთან ერთად, აქ იხილავთ მუზეუმებს, გალერეებს, გასინჯავთ ტრადიციული სამზარეულოს კერძებს. საუკეთესო გამოცდილების მისაღებად რეკომენდებულია, ისტორიულ უბანს გიდთან ერთად ეწვიოთ.
ალ-ფაჰიდის ისტორიულ უბანში სეირნობა არაბულ ჩაის სახლში ვიზიტით უნდა დაასრულოთ. სტუმრებს აქ 1997 წლიდან მასპინძლობენ. მასპინძლობის გამორჩეულ გამოცდილებასთან ერთად, წინ ნამდვილი გასტრონომიული თავგადასავალი გელით. არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ავთენტურ სამზარეულოში მხოლოდ ადგილობრივი ფერმებიდან მიღებული პროდუქტი ხვდება. უნიკალური და მრავალფეროვანი გემოები ქართველი სტუმრებისთვის ძალიან ნაცნობი იქნება. აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძებს შორის კი ბალალეტი და ლაჰამ მაჯბუსი სიის სათავეში მოაქციეთ.
ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შემდეგ გირჩევთ, განიტვირთოთ და მზის ჩასვლის ხედებით დატკბეთ. საუკეთესო ადგილი ამ გამოცდილების მისაღებად 240 მეტრის სიმაღლის The View გახლავთ. ჯუმეირას პალმის კუნძულზე განთავსებული 360-გრადუსიანი ტერასიდან კუნძულის საუკეთესო ხედები იშლება.
დღე შეგიძლიათ ორი სართულით დაბლა, 50-ე სართულზე განთავსებულ პანორამულ აუზზე ცურვითა და ლაუნჯ-ბარში თქვენთვის მომზადებული კოქტეილებით დაასრულოთ. AURA Skypool Lounge-ი მსოფლიოს პირველი და ყველაზე მაღალი 360-გრადუსიანი უსასრულო აუზია, საიდანაც მზის ჩასვლის ხედებით ტკბობის შემდეგ, ღამის დუბაის სრული პანორამა შეგიძლიათ იხილოთ.
რელაქსაციისა და დასვენების შემდეგ კი მოემზადეთ, მთელი დღე დაუთმოთ დუბაის ბიზნესცენტრის დათვალიერებას, სადაც ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა გელოდებათ.
ინჟინერიის ნამდვილი საოცრება, ბურჯ-ხალიფა მსოფლიოს უდიდესი ნაგებობაა. 828 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის შთამბეჭდავი სტრუქტურა დამთვალიერებლისთვის მრავალ ფორმატშია ხელმისაწვდომი. გირჩევთ, აუცილებლად ესტუმროთ 124-ე და 125-ე სართულებზე განთავსებულ პანორამულ გადმოსახედ სივრცეებს, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე ჩანს. თავად ცათამბჯენის ირგვლივ კი მრავალფეროვანი და სიცოცხლით სავსე გასართობი ჰაბია, სადაც გაერთიანებულია დუბაი მოლი, გიგანტური აკვარიუმი, მოცეკვავე შადრევანი და საკვები ზონები მრავალფეროვანი შეთავაზებებით.
დუბაის გასტრონომიული შესაძლებლობები იმდენად ფართოა, რომ შესაძლოა არჩევანის გაკეთება რთულ ამოცანად გექცეთ. გირჩევთ, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შემდეგ აუცილებლად ეწვიოთ მსოფლიოს წამყვანი შეფების მიერ ქალაქში წარმოდგენილ საყოველთაოდ აღიარებულ რესტორნებს.
საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუკი დუბაის მიშლენის მეგზურის მიერ საუკეთესო სერვისისათვის დაჯილდოებულ და მიშლენის გზამკვლევში საპატიოდ აღნიშნულ რესტორან La Mar-ს ეწვევით. შეფ გასტონ აკურიოს მიერ შედგენილი მენიუ დაგეხმარებათ იმოგზაუროთ პერუში და დააგემოვნოთ თაობების მიერ შემონახული ტრადიციული კერძები თუ სასმელები. რესტორნის საფირმო კერძებს შორის იპოვით სევიჩესა და ახლად დაბრაწულ ანტიკუჩოს, რომლის თანმხლები სასმლის შერჩევაშიც პროფესიონალი მიმტანი და ბარმენი დაგეხმარებიან. გამორჩეული არომატების, განსხვავებული გემოებისა და მრავალფეროვანი ტექსტურის მქონე აპეტაიზერისა და მთავარი კერძის შემდეგ კი აუცილებლად უნდა შეუკვეთოთ დესერტი, რომლის შერჩევაშიც თქვენი მასპინძლები სიამოვნებით დაგეხმარებიან.
როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, დუბაი მრავალფეროვანია. იმდენად მრავალფეროვანი, რომ ერთ სტატიაში ან ერთ მოგზაურობაში შეუძლებელია ამოიწუროს ის არჩევანი, რასაც ქალაქი გთავაზობთ. ამიტომ, სტატიაში მოცემული რეკომენდაციების შემდეგ, გვინდა, ბოლო რჩევა მოგცეთ — დუბაი უსასრულო თავგადასავლების ადგილია, თქვენ შეგიძლიათ რამდენჯერმე დაუბრუნდეთ ქალაქს და დარწმუნდეთ, რომ აღმოსაჩენი კიდევ ბევრია.