Harvard Business School:  როგორ ვებრძოლოთ ბოტებს სამსახურის ძიების პროცესში

Harvard Business School:  როგორ ვებრძოლოთ ბოტებს სამსახურის ძიების პროცესში

სამსახურის მაძიებელთა დიდი რაოდენობა ვაკანტურ პოზიციებზე მოთხოვნის, შესაბამისად კი კომპანიებში რეზიუმეების რაოდენობას არნახულად ზრდის. Harvard Business School-ის ანგარიშის მიხედვით, Fortune 500-ის კომპანიების 99% რეზიუმეების უწყვეტი ნაკადის ორგანიზებისთვის ATS-პლატფორმას იყენებს.

აპლიკანტების მეთვალყურეობის სისტემა (ATS) მოსახერხებელია დამსაქმებლებისთვის, თუმცა სამსახურის მაძიებელთა დიდი ნაწილი მას „მტრად“ აღიქვამს, რომელიც მათ სასურველ სამუშაო ადგილებს ართმევს. ATS-ის პროგრამას კომპანიები იყენებენ რეზიუმეების გადასარჩევად და იმის დასადგენად, არიან თუ არა კანდიდატები შესაფერისი იმ კონკრეტული პოზიციისთვის, რომელზედაც განაცხადი აქვთ გაკეთებული. ATS ასკანირებს საკვანძო სიტყვებს, ფრაზებს, აბრევიატურებს, აპლიკანტების უნარებსა და განათლების სფეროს და ამ პრინციპით ანაწილებს მათ გასაუბრებისთვის. ამის მიუხედავად, ბევრი აპლიკანტი თვლის, რომ ATS-ის სისტემის გამოყენებით რეზიუმეების გადარჩევისას სასურველი ადგილის დაკარგვის შანსი ბევრად უფრო მაღალია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ Harvard Business School-ის კვლევა არ შეიცავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს – ვაკანტურ პოზიციაზე რეზიუმეს გაგზავნა ერთადერთი გზა არ არის სამუშაოს საძიებლად. კარიერული განვითარების „ქოუჩები“ და რეკრუტერები გვიხსნიან, რომ სამსახურის ძიების პროცესში შიდა რეფერალები დასაქმების უმსხვილეს წყაროს წარმოადგენენ და გვახსენებენ ძველ გამოთქმას: “It’s not what you know, but who you know“.

იმისთვის, რომ რეზიუმეების გადარჩევის პროცესში ბოტებმა უმუშევარი არ დაგტოვონ, უმჯობესია, თუ რამდენიმე ძირითად რჩევას გაითვალისწინებთ, რაც გაზრდის თქვენ შანსს ATS-ის პლატფორმამ გასაუბრებაზე დაგიშვათ.

პირველ რიგში, პოზიციაზე განაცხადის შეტანის პროცესში დარწმუნდით, რომ თქვენი კვალიფიკაცია ერგება კომპანიის მიერ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილისთვის დადგენილ მოთხოვნებს. გარდა ამისა, მოამზადეთ თქვენი რეზიუმე შესაბამისი საკვანძო სიტყვებისა და აბრევიატურების გამოყენებით, ზუსტად გაწერეთ თქვენ მიერ მიღებული განათლება, უნარები, პროგრამული ცოდნა, სერტიფიკატები, რომლებიც ამ პოზიციისთვის რელევანტურია, რადგან ATS-ის პლატფორმა სწორედ კონკრეტული ტერმინების მიხედვით ასკანირებს და გადაარჩევს აპლიკანტთა მოთხოვნებს. ასევე უმჯობესია, თუ ერთ კომპანიაში რამდენიმე განსხვავებულ პოზიციაზე თქვენს რეზიუმეს არ გაგზავნით, რადგან დამსაქმებელმა არ იფიქროს, რომ თქვენ უბრალოდ „სპამავთ“ მას ან არ ხართ ერთი კონკრეტული როლისთვის განწყობილი.

კიდევ ერთი რჩევა, რაც კომპანიებში რეზიუმეების გაგზავნისას გამოგადგებათ, პოზიციაზე განაცხადის შეტანამდე კონკრეტული ორგანიზაციის ვებგვერდის გამოკვლევაა მისი კორპორაციული კულტურის შესწავლის მიზნით. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა ტერმინებს, ენას, ფრაზებს იყენებენ ისინი ყველაზე ხშირად, რადგან კონკრეტულ კომპანიას შესაძლებელია სწორედ ამ საკვანძო სიტყვებით ჰქონდეს დაპროგრამებული რეზიუმეების სკრინინგი პროგრამულ უზრუნველყოფაში. ასევე მოერიდეთ უჩვეულო შრიფტების, გრაფიკის, ცხრილების გამოყენებას, რამაც რეზიუმეების გადარჩევის პროცესში შესაძლოა უფრო მეტად დააბნიოს ბოტი და შეამციროს თქვენი შანსი სასურველი პოზიციის დასაკავებლად. ამას გარდა, თავი შეიკავეთ რეზიუმეში მცდარი ინფორმაციის მითითებისგან, გასაუბრებაზე დაშვების შემთხვევაში უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ადამიანთა ურთიერთობები ხელოვნური ინტელექტის უნარებს ჯობნის და ერთ-ერთი საუკეთესო გზა რეზიუმეების განმხილველი ბოტების დასამარცხებლად იმ ადამიანის პოვნაა, რომელიც თქვენთვის სასურველ კომპანიაში უკვე მუშაობს. თუ თქვენს სანაცნობო წრეში გეგულებათ ისეთი პირი, რომელსაც დასაქმების მენეჯერებთან და HR-თან აქვს კავშირი და შეუძლია მას თქვენი რეზიუმე შესთავაზოს და რეკომენდაცია გაგიწიოთ, უმჯობესია, თუ პირველ რიგში სწორედ მას მიმართავთ. ასევე არ დაგავიწყდეთ ამ სფეროში სპეციალიზებული ადამიანების პოვნა მათგან რჩევის მიღების მიზნით. მაგრამ, თუ თქვენ გარშემო ასეთი ადამიანები არ გეგულებათ, პრობლემას არც ეს წარმოადგენს – მათ მოსაძიებლად თქვენ შეგიძლიათ LinkedIn-ს მიმართოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *