AlHokair Fashion Retail ჯგუფისთვის 2020 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქართველოს ბაზარი იყო

AlHokair Fashion Retail ჯგუფისთვის 2020 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქართველოს ბაზარი იყო

საუდის არაბეთში 1990 წელს დაფუძნებული AlHokair ჯგუფის მიერ 2020 წელს საერთაშორისო ბაზრებზე გამომუშავებული $250 მილიონამდე შემოსავლის დიდი ნაწილი საქართველოზე მოდის.

გასულ წელს ჯგუფმა შემოსავლების ნახევარზე მეტი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან – საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მიიღო.

2020 წელს AlHokair-ის შვილობილმა კომპანიებმა საქართველოში ჯამურად $52.6 მილიონის წმინდა შემოსავალი გამოიმუშავეს, რაც 2019 წლის იდენტურ მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. იმავე პერიოდისთვის კომპანიის წმინდა მოგება ქართულ ბაზარზე $2.2 მილიონი იყო – წინა წლის იდენტურ მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლები. პოზიტიური მაჩვენებლებით დახურა 2020 წელი ჯგუფმა აზერბაიჯანსა და სომხეთშიც, ხოლო სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გასული წელი ზარალით დაასრულა.

2020 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, AlHokair საქართველოში 11 სხვადასხვა შპს-თი არის წარმოდგენილი და ისეთი ბრენდების ფრანშიზს ფლობს, როგორიცაა: GAP, ZARA, MANGO, Massimo Dutti, US POLO, Promod, ALDO, Clarks, OYSHO და ა.შ. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის მმართველობითი ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ბრენდების 58 მაღაზიაში კომპანია ასეულობით ადამიანს ასაქმებს.

კორონავირუსის პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით მიღებული აკრძალვების გამო გლობალურად ჯგუფში შემავალი თითქმის ყველა მაღაზია დახურული იყო, მათ შორის – საქართველოშიც. სწორედ ამ პერიოდში წარუდგინა საზოგადოებას კომპანიამ ZARA-ს ონლაინმაღაზია, რამაც გაყიდვების 300%-იანი ზრდა მოიტანა (2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით). წარმატებული გამოცდილების ფონზე კომპანია იმავე სტრატეგიით აპირებს მუშაობას ALDO-სა და MANGO-ს შემთხვევაშიც.

მმართველობით ანგარიშგებაში ვკითხულობთ, რომ, მიუხედავად პანდემიის ნეგატიური გავლენისა, კომპანია მიმდინარე წელს საქართველოში ოთხი ახალი ბრენდის შემოყვანას გეგმავს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა  ინვესტორთათვის განკუთვნილი პრეზენტაცია გვაფიქრებინებს, რომ ჯგუფი Marie France-ის, Public Desire-ის, bizou-სა და DECATHLON-ის შემოყვანაზე მუშაობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *