პანდემიისას ჩვენ ამ სფეროს დაფინანსება პრაქტიკულად არ გაგვიჩერებია. ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ კორპორაციულ ნაწილში, ზურაბ ქოქოსაძემ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, შარშანდელ წელს თუ შევხედავთ, „საქართველოს ბანკს“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა ამ კუთხით.
“ჩვენ ვნახეთ, რომ კრიზისის შედეგად ერთ დღეში ფაქტობრივად მთელი ეს სექტორი განულდა. გასული წელი მათთვის ძალიან რთული იყო და არც წლევანდელია მაინცდამაინც სახარბიელო. მარტო საბანკო სფერო ამ დარტყმას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა, ამიტომაც სახელმწიფოს ჩართულობა იყო მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბანკმა ამ კუთხით პრაქტიკულად ყველა მომხმარებელს, რომლებიც ამ სფეროს წარმოადგენდნენ, შეღავათები გაუწია.
„ჩვენ არ გაგვიჩერებია პროექტების დაფინანსება. საერთო ჯამში მთელ საბანკო სისტემაში პორტფელი 40%-ით გაიზარდა და ამაში „საქართველოს ბანკის“ წილი 60% იყო. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სფეროს აღდგენის და იმის, რომ ის ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ იქნება“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, „საქართველოს ბანკი“ კრიზისულ პერიოდში მომხმარებელთან ერთად განიხილავდა იმ პროექტებს, რომლებიც მშენებლობის სტადიაზეა ან გაშვებული არ არის: „ერთად ვფიქრობდით და ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება ისინი შექმნილი ვითარების გამო გადავალაგოთ ან დანიშნულება შევუცვალოთ, რათა მათი განხორციელება ეკონომიკურად გამართლებული იყოს. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს განსაკუთრებულ როლს, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბიზნესებმა ამ პერიოდის გადალახვა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით შეძლონ“, – აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.