ფოტო: commerce.wa.gov
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) (Foreign direct investment – FDI) არის გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ბიზნესში, რომელსაც უცხოელი (არარეზიდენტი პირი) ახორციელებს. ინვესტიცია რომ FDI-დ ჩაითვალოს, არარეზიდენტი პირი ადგილობრივ კომპანიაში (მაგალითად, უცხოელი საქართველოში რეგისტრირებულ (რეზიდენტ) კომპანიაში) საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს უნდა ფლობდეს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიცავს როგორც ახალი საწარმოს დაფუძნებას, ასევე მოქმედ საწარმოში წილის შეძენას, უძრავი ქონების ყიდვას, რეინვესტირებულ მოგებას, სესხის გაცემას, საქონლისა და მომსახურების მიწოდებას და ა.შ. აუცილებელია, აღნიშნული ეკონომიკური ოპერაციები ინვესტორსა და პირდაპირი ინვესტირების საწარმოს შორის ხორციელდებოდეს. შესაბამისად, FDI სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: სააქციო ან საწესდებო კაპიტალი, რეინვესტიცია და ვალდებულებები (სესხები).
FDI-ებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზრდის წარმოებას და დასაქმებას, შემოაქვს უცხოური ვალუტა, ცოდნა და ტექნოლოგიები.
სტატიაში წარმოგიდგენთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო ქვეყნების რეიტინგს 2024 წლის მიხედვით. მონაცემები აღებულია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის მსოფლიო საინვესტიციო ანგარიშიდან.
ანგარიშის თანახმად, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით $1.7 ტრილიონის მოცულობის FDI განხორციელდა, საიდანაც $1.1 ტრილიონი განვითარებულ ეკონომიკებზე მოდის. გლობალურად განხორციელებული FDI-ის ნახევარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი $915 მილიარდის წყარო მხოლოდ ექვსი სახელმწიფოა: კანადა, ჩინეთი, აშშ, ჰონგ-კონგი, იაპონია და ლუქსემბურგი.
FDI-ის განმახორციელებელი სახელმწიფოების რეიტინგში შეერთებული შტატები ლიდერობს. 2024 წელს აშშ-დან სხვა ქვეყნებში $266 მილიარდის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით აშშ-დან განხორციელებული FDI-ის მოცულობა 2024-ში 25%-ით შემცირდა.
სიაში მეორე პოზიცია იაპონიას უკავია ($204 მილიარდი), მესამე ადგილზე კი ჩინეთია ($163 მილიარდი). მას მოსდევს ლუქსემბურგი ($109 მილიარდი), ჰონგ-კონგი ($87 მილიარდი) და კანადა ($86 მილიარდი).
გაეროს სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან უცხოეთში $428 მილიონის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ამ მაჩვენებლით ჩვენი სახელმწიფო რეიტინგში 68-ე პოზიციაზე იმყოფება. შედარებისთვის, სომხეთიდან განხორციელებული FDI-ის მოცულობა $63 მილიონი, აზერბაიჯანიდან განხორციელებულის მოცულობა კი $742 მილიონი იყო.
| რეიტინგი | ქვეყანა | განხორციელებული FDI (2024) |
| 1 | აშშ | $266,367 მილიონი |
| 2 | იაპონია | $204,380 მილიონი |
| 3 | ჩინეთი | $162,780 მილიონი |
| 4 | ლუქსემბურგი | $108,598 მილიონი |
| 5 | ჰონგ-კონგი | $87,247 მილიონი |
| 6 | კანადა | $86,044 მილიონი |
| 7 | ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები | $59,451 მილიონი |
| 8 | სინგაპური | $55,257 მილიონი |
| 9 | ნიდერლანდები | $54,730 მილიონი |
| 10 | ესპანეთი | $49,235 მილიონი |
| 11 | სამხრეთი კორეა | $48,589 მილიონი |
| 12 | საფრანგეთი | $40,950 მილიონი |
| 13 | გერმანია | $38,525 მილიონი |
| 14 | იტალია | $37,040 მილიონი |
| 15 | ტაივანი | $31,979 მილიონი |
| 68 | საქართველო | $428 მილიონი |
საინტერესოა სიაში მოწინავე პოზიციებზე ჰონგ-კონგის, ლუქსემბურგის, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებისა და კაიმანის კუნძულების ხილვაც. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ, ბოლო წლების ტენდენციით, დიდ ეკონომიკებს უცხოეთში ინვესტიციების განხორციელება სპეციალური ადმინისტრაციული ზონებიდან და მათი იურისდიქციებიდან ურჩევნიათ. ამის მიზეზი იქ არსებული საგადასახადო, მარეგულირებელი და კორპორაციული სტრუქტურირების გარემოა.
აკადემიურ თეორიებში არსებობს შეხედულება, რომ FDI-ის მიმღები სახელმწიფოები, დროთა განმავლობაში მათ გამცემ ქვეყნებად გადაიქცევიან. ეს პროცესი კი მათ განვითარებასთან ერთად ხდება. მაგალითად, რესურსებით მდიდარი განვითარებადი სახელმწიფო, როგორც წესი, FDI-ს უფრო დიდი მოცულობით გასცემს, ვიდრე იღებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ უცხოური კომპანიები ადგილობრივებთან შედარებით მაღალკონკურენტუნარიანები არიან. თუმცა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადგილობრივი კომპანია იწყებს უცხოეთში ინვესტიციების განხორციელებას მათი პროდუქტის ან ბაზრის ექსპანსიისათვის.















