Amazon-ი წელს კალიფორნიაში დრონებით მიწოდების პირველ სერვისს აამოქმედებს

Amazon-ი წელს კალიფორნიაში დრონებით მიწოდების პირველ სერვისს აამოქმედებს

Amazon-მა განაცხადა, რომ წელს შტატ კალიფორნიის ქალაქ ლოქფორდში დრონებით მიწოდების პირველ სერვისს გაუშვებს – ამ ეტაპზე კომპანია შესაბამისი მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. „დრონებით მიწოდების სერვისის შექმნის დაპირება ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავდა“, – ვკითხულობთ Amazon-ის პრესრელიზში. „ამ რეალობის შესაქმნელად თითქმის ათწლეული ვიმუშავეთ“.

როგორც ირკვევა, შტატ კალიფორნიის ქალაქი ლოქფორდი, რომელშიც 4000-მდე ადამიანი ცხოვრობს, Amazon-ს შემთხვევით არ შეურჩევია, რადგან ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილია გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის – სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა ავიაციის ერთ-ერთი პიონერი, უელდონ ბაქსტერ კუკი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ლოქფორდი ამ ტექნოლოგიისთვის სატესტო ადგილია – კომპანია გვპირდება, რომ სულ მალე დრონებით მიტანის სერვისი სხვა ქალაქებშიც ამოქმედდება.

„ლოქფორდში სერვისის გაშვების პარალელურად, ადგილობრივ კომუნაში ინვესტიციას განვახორციელებთ, სამუშაო ადგილებს შევქმნით, ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობას საფუძველს ჩავუყრით და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში საკუთარ წვლილს შევიტანთ – ყველაფერი ეს იმ ფუტურისტული ტექნოლოგიის წყალობით, რომელსაც შეუძლია, ერთ დღეს ისეთივე ჩვეულებრიობად იქცეს, როგორიც Amazon-ის ავტოფურგონის გამოჩენაა თქვენი სახლის მისადგომებთან“, – ვკითხულობთ კომპანიის პრესრელიზში.

ამანათების დრონებით მიტანის სერვისის ფუნქციონალს Amazon-ი შემდეგნაირად ხსნის: მას მერე, რაც ლოქფორდის მცხოვრებლები სპეციალური წესით დარეგისტრირდებიან, აპლიკაციაში ის ნივთები გამოუჩნდებათ, რომელთა მიტანა Prime Air-ის სერვისით იქნება შესაძლებელი. ნივთის შეძენის შემდეგ კი მოტანის სავარაუდო დროც გამოუჩნდებათ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. „ამ ამანათებისთვის დრონი გამოძახების მისამართზე მიფრინდება, მომხმარებლის უკანა ეზოში უსაფრთხო სიმაღლემდე დაეშვება, ამანათს ჩამოაგდებს და უკან გაფრინდება“, – წერია Amazon-ის განცხადებაში.

საინტერესოა, რომ მიტანის სერვისში ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებაზე საუბარი – არახალია: Amazon-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ დრონებით მიტანის სერვისი ხუთ წელიწადში ამოქმედდებოდა. ამ დანაპირებმა სახე 2019 წელს იცვალა, როცა Amazon-მა განაცხადა, რომ ეს სერვისი რამდენიმე თვეში გაეშვებოდა. აღსანიშნავია, რომ მედია იმ თემაზეც სპეკულირებდა, თითქოს დრონებით მიტანის სერვისს Amazon-ი საკუთარი პრემიუმ-მიტანის სერვისის, Amazon Prime-ის რეკლამისთვის იყენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *