რას ფიქრობენ მილიარდერები მუშაობის სხვადასხვა რეჟიმზე - Forbes-ის კვლევა

რას ფიქრობენ მილიარდერები მუშაობის სხვადასხვა რეჟიმზე - Forbes-ის კვლევა

მუშაობის სხვადასხვა რეჟიმის შესახებ პანდემიისას დაწყებული დისკუსია კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი ოფისში უნდა დაბრუნდეს, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში – სამსახურს დაკარგავს.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ამგვარ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის, Atlassian-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სკოტ ფარკუჰარი, რომელმაც მასკის ამ განცხადებაში 1950-იანი წლების პათოსი ამოიკითხა.

თუმცა ერთი რამ, რასაც მასკის მიერ წამოწყებულმა დისკუსიამ ნათელი მოჰფინა – ბიზნესლიდერებს შორის მუშაობის მომავლის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. ამერიკულმა Dropbox-მა, მაგალითად, რომელსაც დრიუ ჰიუსტონი ხელმძღვანელობს, კომპანიის საკუთრებაში არსებული საოფისე ფართების უმეტესობა გაყიდა და თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა სამუდამოდ მისცა – მუშაობის ასეთი სტილი დაუშვა Twitter-მაც. თუმცა არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმი აირჩიეს – ასეთი კომპანიების სათავეში Apple-ი გვხვდება –  ის თანამშრომლებს ოფისში გამოცხადებას კვირაში ორჯერ ავალდებულებს.

მუშაობის სხვადასხვა რეჟიმით ამერიკული Forbes-ი დაინტერესდა და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს კითხვარი გაუგზავნა. გამოკითხვაში მონაწილეობა 65-მა მილიარდერმა მიიღო, რომელთა ხმები, უმეტესწილად, ჰიბრიდულ და ფიზიკურ სამუშაო მოდელს შორის გაიყო – ჰიბრიდულ რეჟიმს გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს, ხოლო ფიზიკურს – 45%. მილიარდერთა მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ მომავალი – სრულად დისტანციურ მუშაობაშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *