Amazon–ის CEO: 55,000 ახალი თანამშრომლის აყვანას ვგეგმავთ

Amazon–ის CEO: 55,000 ახალი თანამშრომლის აყვანას ვგეგმავთ

როიტერსთან საუბრისას ამაზონის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ განაცხადა, რომ Amazon-ი უახლოეს მომავალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 55,000 ადამიანის დაქირავებას გეგმავს, კორპორატიულ და ტექნოლოგიურ რგოლებში.

ეს რაოდენობა, 30 ივნისის მდგომარეობით, Google–ის თანამშრომელთა მესამედზე მეტია  და თითქმის უთანაბრდება Facebook-ის მიერ დასაქმებულთა რაოდენობას.

ენდი ჯასი ამაზონის აღმასრულებელი დირექტორი მიმდინარე წლის ივლისში გახდა. მან თავიდანვე განაცხადა, რომ კომპანიას სიახლეები სჭირდება. Amazon-ი  ახალ ფსონს თანამგზავრების გაშვებაზე დებს. პროექტი სახელწოდებით Kuiper(კუპერი), რომელიც მიმართულია ორბიტაზე ფართოზოლოვანი ინტერნეტწვდომის გასაფართოებლად, ასევე მოითხოვს ბევრ ახალ სამუშაო ადგილს.

ამაზონის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი 15 სექტემბერს დაიწყება. „პანდემიის გამო უამრავი პროფესია „არასაჭირო“ გახდა, ბევრმა ადამიანმა შეიცვალა სამუშაო ადგილი, ბევრი კი ჯერ კიდევ ფიქრობს ახალ სამუშაოზე, შესაბამისად, დასაქმების ფორუმი ძალიან დროული და სასარგებლოა“ – აღნიშნა ენდი ჯასიმ. მან ასევე მოიშველია PWC–ის კვლევა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში გამოკითხულთა 65%–ს ახალი სამუშაოს პოვნა სურს.

ახალი თანამშრომლების მიღებით ამაზონის ტექნიკური და კორპორატიული პერსონალის  რაოდენობის 20%-იან ზრდაა მოსალოდნელი. მათი რაოდენობა ამჟამად 275,000-ს უტოლდება.

ცნობისთვის, ამაზონმა,  რომელიც მეორე უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია შეერთებულ შტატებში, 2020 წელს  500,000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, ძირითადად საწყობებსა და მიწოდების ოპერაციებში.

ამასთან, კომპანია დიდ ინვესტიციებს ჩადებს უფრო მეტი საწყობის მშენებლობაში და გაზრდის ანაზღაურებას მუშების მოსაზიდად. ჯასის თქმით, ამაზონი „ძალიან კონკურენტუნარიანია ანაზღაურების მხრივ“.

ჯასის მიერ დაანონსებული 55,000-ზე მეტი ვაკანსიიდან, 40,000-ზე მეტი შეერთებულ შტატებში იქნება, ხოლო დანარჩენი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, გერმანია და იაპონია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *