მსოფლიოში უმსხვილესმა ონლაინ რითეილერმა Amazon-მა შვედეთში პირველი მაღაზია გახსნა. კომპანია ამისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა.
ამ დრომდე შვედ მომხმარებელს Amazon-დან გამოწერილი ნივთები დიდი ბრიტანეთის ან გერმანიის გავლით მისდიოდა, რაც დამატებით დროს და თანხას მოითხოვდა. ახლა კი გაცილებით უფრო მარტივად შეძლებენ შვედები ონლაინ-შოპინგს.
Amazon.se 150 მილიონზე მეტ პროდუქტს ყიდის, მათ შორის არის შვედური ბიზნესების შეთავაზებები და ასევე ათასობით სხვა ევროპელი რითეილერის პროდუქციაც.
როგორც Forbes-ი წერს, Amazon-მა შეძლო ახალ ენაზე, განსხვავებულ ვალუტაში და თან შედარებით მცირე რაოდენობის მომხმარებლებისთვის ცალკე მაღაზიის შექმნა. ცნობისთვის, შვედეთში დაახლოებით 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მოვიპოვოთ შვედი მომხმარებლის ნდობა, გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის არჩევანი, უზრუნველვყოთ დაბალი ფასები და შევთავაზოთ მათ სარწმუნო და სანდო შოპინგ-გამოცდილება“, – განაცხადა Amazon-ის პრესსპიკერმა.