AMD-ის პროგნოზით, 2024 წელს AI-ჩიპების გაყიდვით $2 მილიარდს მიიღებს

AMD-ის პროგნოზით, 2024 წელს AI-ჩიპების გაყიდვით $2 მილიარდს მიიღებს

ნახევარგამტარების მწარმოებელი ამერიკული კომპანია AMD-ის პროგნოზით, 2024 წელს AI-ჩიპების გაყიდვით $2 მილიარდს მიიღებს, რაც ფირმას აქციების ფასის გაზრდაში დაეხმარება. Advanced Micro Devices-ი ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე, ასევე ამერიკული Nvidia-სთვის კონკურენციის გაწევას ისახავს მიზნად.

AMD-ის პროგნოზი მეოთხე კვარტალის შემოსავლებსა და უოლ-სტრიტის შეფასებით, მთლიან მარჟას შეეხება, რომელიც გეიმინგის სუსტი ბაზრითა და ზოგიერთი ინდუსტრიის მხრიდან კომპანიის პროგრამირებად ჩიპებზე მოთხოვნის კლებით დაზარალდა. კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის აქციების ფასი ბირჟის დახურვის შემდგომ ვაჭრობაში 4.6%-ით დაეცა, თუმცა პროგნოზების გაცხადების შემდგომ შედარებით გაძვირდა.

ამჟამად AMD-ი MI300X-ის ჩიპებზე მუშაობს, რომლებიც, კომპანიის მოლოდინით, მონაცემთა ცენტრის AI-ჩიპების ბაზარზე Nvidia-ს დომინაციას შეასუსტებს. ცნობისთვის, აღნიშნული ჩიპები ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგიების შესაქმნელად გამოიყენება. ინვესტორებთან საუბრისას, AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლისა სუმ განაცხადა, რომ „მრავალმა, დიდმა ჰიპერმასშტაბიანმა მომხმარებელმა“, რომელიც მოიცავს მსხვილ ტექნიკურ და ღრუბლოვან კომპანიებს, MI300-ის ჩიპების გამოყენების სურვილი უკვე გამოთქვა.

კომპანიის მოლოდინით, მეოთხე კვარტალში ჩიპებიდან მიღებული შემოსავალი $400 მილიონს მიაღწევს, ნაცვლად აგვისტოში ნავარაუდები $300 მილიონისა. 2024 წლისთვის, MI300 ჩიპების გაყიდვების დაწყებასთან ერთად კი სუმ ინვესტორებს $2-მილიარდიანი პროგნოზი წარუდგინა.

თუმცა, ანალიტიკოსების განცხადებით, კომპანიის გეგმების ხელის შემშლელი ფაქტორი აშშ-ის მიერ პეკინში ჩიპების ექსპორტზე დაწესებული სანქციებია. ახალი რეგულაციები AMD-ს, კომპანიის წამყვანი AI-ჩიპების ჩინეთისთვის მიყიდვისთვის, რომლის გაშვება და გაძლიერებაც სწორედ მეოთხე კვარტალში იგეგმება, ლიცენზიის მიღებას ავალდებულებს.

AMD-ის შეფასებით, მიმდინარე კვარტალის შემოსავალი დაახლოებით $6.1 მილიარდი იქნება – პლუს-მინუს $300 მილიონი. LSEG-ის მონაცემებით, კომპანიის კორექტირებული შემოსავალი მესამე კვარტალში 4%-ით, $5.8 მილიარდამდე გაიზარდა. კორექტირებულმა მოგებამ კი აქციაზე 70 ცენტი შეადგინა.