AMD-ის საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს პირველად გადააჭარბა

AMD-ის საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს პირველად გადააჭარბა

ფოტო: Dado Ruvic | Reuters

Advanced Micro Devices-ის (AMD) საბაზრო კაპიტალიზაციამ ორშაბათს $1 ტრილიონს პირველად გადააჭარბა. შედეგად, AMD შეუერთდა კომპანიების იმ მცირე ჯგუფს, რომელთა ღირებულებამ არსებობის ისტორიაში აღნიშნული ზღვარი გადალახა. ზრდას ხელი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე მზარდმა მოთხოვნამ და AMD-ის AI-ბაზარზე პოზიციების გაძლიერების მოლოდინმა შეუწყო.

AMD-ის აქციების ფასი დღის განმავლობაში 9.6%-ით, $613.31-მდე გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარაში დაფუძნებული კომპანია გრაფიკული პროცესორების (GPU) Nvidia-ს მთავარ კონკურენტად მიიჩნევა მიმართულებით თუმცა ღირებულებით მას ჯერჯერობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

AMD ჩიპების მწარმოებელი რიგით მეოთხე ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. მანამდე ეს ნიშნული Nvidia-მ, Broadcom-მა და Micron-მა გადალახეს. Nvidia-მ $1-ტრილიონიან ზღვარს 2023 წელს მიაღწია და ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 ტრილიონს აღემატება.

ანალიტიკოსების განცხადებით, ბაზარი ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ფედერალური რეზერვის მიერ მაღალი საპროცენტო განაკვეთების ხანგრძლივად შენარჩუნების რისკებს აფასებს. ამის ფონზე კი, ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორების ყურადღება კვლავ იზრდება.

გუშინ ჩიპების მწარმოებლების აქციების ზრდა მხოლოდ AMD-ით არ შემოიფარგლა. კომპანიის კონკურენტი Intel-ის აქციები დაახლოებით 11.8%-ით, Qualcomm-ის კი 4.5%-ით გაძვირდა. მთლიანობაში, ჩიპების სექტორის ინდექსი 2.7%-ით გაიზარდა და ერთ თვეზე მეტი ხნის მაქსიმუმს მიაღწია.

AMD ბოლო პერიოდში AI-პროდუქტების გამოშვებას აჩქარებს და მხოლოდ ცალკეული ჩიპების გაყიდვიდან სრული სისტემების შეთავაზებაზე გადადის. ასეთი სისტემები პროცესორებს, ქსელურ მოწყობილობებსა და სხვა დაკავშირებულ აპარატურას აერთიანებს და კომპანია ამ მიმართულებით Nvidia-სთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს.

ამასთან, სერვერებში, რომლებიც AI-მოდელების ინფერენსისთვის გამოიყენება, გრაფიკულ პროცესორებთან ერთად ცენტრალურ პროცესორებზე (CPU) გაზრდილმა მოთხოვნამ AMD-ს Intel-ისგან ბაზრის წილის მოპოვებაში შეუწყო ხელი.

გასულ თვეში AMD-მ კვარტალური შემოსავლის პროგნოზი Wall Street-ის მოლოდინებზე მაღლა დააყენა, თუმცა შედეგი ინვესტორების განსაკუთრებით მაღალ მოლოდინებს მაინც ჩამორჩა.

ამის მიუხედავად, AMD-ის აქციების ფასი 2026 წელს 185%-ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ტექნოლოგიური კომპანიებით დომინირებული Nasdaq-ის 15.8%-იან მატებას. ამ შედეგით AMD S&P 500-ის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კომპანიადაც იქცა.

Forbes Georgia, ვებრედაქტორი