მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით გაიზარდა

მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

ორშაბათს, Meta Platforms-ის აქციების ფასის თითქმის 12%-იანი ზრდის ფონზე, კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში $25 მილიარდით გაიზარდა და $253.6 მილიარდს მიაღწია. აქციების გაძვირებას ხელი Wells Fargo-ს მიერ Meta-სთვის სამიზნე ფასის გაზრდამ და კომპანიის ახალი ავტონომიური AI-ასისტენტის, Muse-ის მიმართ ინვესტორების ინტერესმა შეუწყო.

Forbes-ის მილიარდერების რეალურ დროში განახლებად სიაში ცუკერბერგი მეექვსე ადგილს იკავებს და მოცემული დროისთვის მისი ქონების შეფასება $254.1 მილიარდს აღწევს. ის რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფ სერგეი ბრინს დაახლოებით $13 მილიარდით ჩამორჩება. Google-ის თანადამფუძნებლის ქონება $267.2 მილიარდად არის შეფასებული.

Meta-ს აქციების გაძვირებას წინ უძღოდა Wells Fargo-ს გადაწყვეტილება, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აქციების სამიზნე ფასი $640-დან $796-მდე გაეზარდა. ბანკმა კომპანიაზე „Overweight“ რეკომენდაცია შეინარჩუნა. Wells Fargo-ს შეფასებით, ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი Muse-ის გამოყენების სტატისტიკა იქნება.

Meta-მ Muse მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა. ეს არის ავტონომიური AI-ასისტენტი, რომელსაც მოგზაურობის დაჯავშნა, ელექტრონული წერილების გაგზავნა და დაკავშირებული სახლის მოწყობილობების მართვა შეუძლია. მარკ ცუკერბერგის თქმით, Muse-ი Meta-ს პლატფორმებზე „პერსონალური სუპერინტელექტის“ შექმნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

შეგახსენებთ, 23-24 სექტემბერს Meta Connect 2026 გაიმართება. ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, მთავარი ყურადღება კომპანიის ვირტუალური რეალობიდან AI-ზე, აგენტურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ჭკვიან მოწყობილობებზე გადართვას დაეთმობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Meta ახალი თაობის ჭკვიან სათვალეს წარადგენს, რომელსაც ჩაშენებული კამერა არ ექნება. ანალიტიკოსები Muse-ის განახლებებსაც ელოდებიან, მათ შორის AI-ასისტენტის სათვალეებში ინტეგრაციას, რაც მას მომხმარებლის გარემოს „დანახვისა“ და „მოსმენის“ შესაძლებლობას მისცემს.

Meta AI-ის მიმართულებით ათ წელზე მეტია მუშაობს. კომპანიამ Facebook AI Research (FAIR) 2013 წელს შექმნა, ხოლო 2023 წელს საკუთარი დიდი ენობრივი მოდელი Llama წარადგინა, რომელიც ChatGPT-ის კონკურენტად განიხილება. გასულ წელს Meta-მ AI-მოდელი კომპანიის ძირითად აპლიკაციებში, WhatsApp-ში, Instagram-ში, Messenger-სა და Facebook-ში, გააერთიანა და ასობით მილიონ მომხმარებელს AI-ასისტენტზე წვდომა მისცა.

ამასთან, ცუკერბერგი AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, მათ შორის Nvidia-ს ჩიპების შეძენასა და საკუთარი ჩიპების შექმნაში. Meta-ს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო AI-გამოთვლითი ინფრასტრუქტურა აქვს.

Forbes Georgia, ვებრედაქტორი