ამერიკის უმდიდრესმა 1%-მა ბირჟაზე „დათვის ბაზრის“ დაწყებამდე $1.5 ტრილიონი დაკარგა

ამერიკის უმდიდრესმა 1%-მა ბირჟაზე „დათვის ბაზრის“ დაწყებამდე $1.5 ტრილიონი დაკარგა

გასულ კვარტალში, 2020 წლის დასაწყისის შემდეგ პირველად, აშშ-ის უმდიდრესი 1%-ის ქონების ღირებულება $701 მილიარდით შემცირდა, რაც უმეტესწილად საფონდო ბირჟებზე განთავსებული აქციების ღირებულების $1.5 ტრილიონით შემცირებამ განაპირობა, მაგრამ უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების ფასის ზრდამ დააბალანსა, – ამ ინფორმაციას ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირებით საფონდო ბირჟის ფენომენალური ორწლიანი ზრდა, რომლის დროს ამერიკის შეერთებული შტატების უმდიდრესი 1%-ის ჯამური ქონების ღირებულება $11 ტრილიონით გაიზარდა – საბოლოოდ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უმდიდრესი 1% ამერიკელთა საკუთრებაში არსებული სააქციო კაპიტალის ნახევარზე მეტს ფლობს.

„ადამიანები შეშინებულნი არიან“, – ამბობს Prosperity Wealth Strategies-ის პრეზიდენტი, ნიკოლ გოპოიან ვირიკი. „არავის სურს, რომ მისი პორტფოლიოს ღირებულება 20%-ზე მეტით შემცირდეს. მდიდარი კლიენტების შემთხვევაში, ჩავარდნა გაცილებით უფრო გამოკვეთილია, რადგან საქმე დიდ რიცხვებს ეხება“.

აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიების საბაზრო ღირებულების შემცირების ფონზე, ამერიკის უმდიდრესი 1%-ის სიმდიდრის წილი საერთო სიმდიდრეში, პირველ კვარტალში, რეკორდულად მაღალი 32.2%-დან 31.8%-მდე შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კოლექტიურად, ისინი $45 ტრილიონს ფლობენ, რაც $1.5 ტრილიონით აღემატება ქვედა 90%-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *