WhatsApp-ის დამფუძნებელმა, იან კუმმა უკრაინის დასახმარებლად ათობით მილიონი გაიღო

WhatsApp-ის დამფუძნებელმა, იან კუმმა უკრაინის დასახმარებლად ათობით მილიონი გაიღო

უკრაინულ-ებრაული წარმომავლობის ამერიკელმა ანტრეპრენიორმა, WhatsApp-ის დამფუძნებელმა იან კუმმა, ბოლო დროს, უკრაინის დასახმარებლად ათობით მილიონი დოლარი გამოყო, – ამის შესახებ გამოცემა Jewish Telegraphic Agency-ი წერს. როგორც ირკვევა, ზოგიერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება, სრულად იან კუმის ფილანთროპიული შემოწირულებებით არსებობს.

ისრაელური გამოცემის ინფორმაციით, კიევის ოლქში დაბადებულმა ანტრეპრენიორმა, 2019-20 წლებში, აშშ-ში, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში რეგისტრირებულ ებრაულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს $140 მილიონი გადაურიცხა, რაც ებრაულ სამყაროში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი დონაციაა.

როგორც ირკვევა, European Jewish Association-ს კუმმა $17 მილიონი შესწირა, რამაც, ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციის სრული ბიუჯეტი შეადგინა. საინტერესოა, რომ 2022 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, EJA-ი ამ თანხას უკრაინელი ლტოლვილებისთვის საცხოვრისის, ტანსაცმლის, საკვები და სამედიცინო პროდუქტების მიწოდებას ახმარს.

იან კუმისგან $10.6 მილიონის მოცულობის შემოწირულება მიიღო Federation of Jewish Communities of the CIS-მა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანების მსხვილი ავტოპარკი შექმნა ფრონტის ხაზიდან დაჭრილი ადამიანების გამოსაყვანად.

იან კუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში თექვსმეტი წლის ასაკში, ოჯახთან ერთად გადაბარგდა. ახალგაზრდობა მან Yahoo!-ში გაატარა, საიდანაც 2008 წელს წამოვიდა და ბრაიან ექტონთან ერთად, შეტყობინებების გასაზიარებელი პლატფორმა WhatsApp-ი შექმნა. მოგვიანებით, WhatsApp-ით მარკ ცუკერბერგი დაინტერესდა და 2014 წელს კომპანია Facebook-მა შეიძინა, $19 მილიარდად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *