Apple-ის თანამშრომლები ოფისებს კვლავ ვერ დაუბრუნდებიან

Apple-ის თანამშრომლები ოფისებს კვლავ ვერ დაუბრუნდებიან

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმრავლესობამ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ან შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, ადამიანები ცხოვრების ჩვეულ წესსა და სამუშაო გარემოსაც დაუბრუნდნენ. თუმცა Apple-მა ოფისში თანამშრომლების დაბრუნება კვლავ გადაავადა. კომპანიის წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიზეზად კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სახელდება.

Apple-ის თანამშრომლები საოფისე გარემოს აქამდე არსებული ინფორმაციით სექტემბრის დასაწყისიდან უნდა დაბრუნებოდნენ. სამუშაო რეჟიმი ითვალისწინებდა ოფისში  კვირაში მხოლოდ 3-დღიან მუშაობას. ახალი გადაწყვეტილებით, მუშაობის პანდემიამდელი სტილი ოქტომბრის ბოლომდე არ აღდგება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პირველად გადაწყვეტილებას საოფისე სივრცეში მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება მოჰყვა Apple-ის თანამშრომლების დიდ ნაწილში. მათი განცხადებით, კომპანია თანამშრომლებს რთული არჩევანის წინაშე აყენებდა, დარჩენილიყვნენ Apple-ის გუნდის წევრად თუ როგორც მათი, ასევე მათივე ოჯახების ჯანმრთელობას გაფრთხილებოდნენ. მათ უკმაყოფილება აღმასრულებელი დირექტორის ტიმ ქუქის ინიციატივაზე საოფისე რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით, კომპანიის შიდა მეილების საშუალებით გამოთქვეს.

საოფისე გარემოში მუშაობის აღდგენის გადაწყვეტილება Google-მა უკვე მიიღო. მათ თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია ე.წ. ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის შესახებ, რაც სექტემბრიდან კვირაში სამი დღით პოზიციაზე გამოცხადებას გულისხმობს. რაც შეეხება Amazon-ს, მარტში კომპანიის წარმომადგენლები საოფისე კულტურის მნიშვნელობაზე აპელირებით, ოფისიდან მუშაობის აღდგენის გეგმაზე საუბრობდნენ. თუმცა ივნისში Amazon-ის წარმომადგენლებმაც ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმის დანერგვა (2 დღე დისტანციური მუშაობა) დააანონსეს.