ფოტო: SeongJoon Cho—Bloomberg/Getty Images
ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი ირანისთვის დროთა განმავლობაში „ოქროს იარაღად“ იქცა. პოლიტიკის მკვლევარების მოსაზრებით, ის ირანისთვის ბირთვულ პროგრამაზე დიდი პრიორიტეტიც კი გახდა. თუმცა საინტერესოა, რომ ირანმა ათწლეულების განმავლობაში ბირთვული პროგრამის გამო ათასობით მძიმე სანქცია მიიღო, რითიც მის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა.
ჰორმუზის სრუტესთან მიმართებით, ირანის სტრატეგიის საკითხი იმდენად სწორხაზოვანია, რომ ამ კვირაში სრუტეში თეირანის თანხმობის გარეშე გამავალ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ამან კი შეერთებული შტატების მიერ საპასუხო თავდასხმები გამოიწვია, რამაც გასულ თვეს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე შეუქმნა.
„აღიარეთ ახალი ირანული წესრიგი ჰორმუზის სრუტეში: ეს წინსვლის ერთადერთი გზაა“ – წერს აშშ-ისადმი მიმართვაში ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ებრაჰიმ აზიზი.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ჰორმუზის სრუტე დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია. ირანში არსებობს დისკუსიებიც იმის შესახებ, ხომ არ აჭარბებს ირანი თავის როლს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლების უმაღლეს წრეებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნებაა.
„ჰორმუზის საკითხი, რომელიც ირანის ოქროს იარაღია, არის ის, რისი წართმევაც ახლა მათ [აშშ-ს] ირანისთვის სურთ და ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება“ – განუცხადა Reuters-ს ანონიმურმა წყარომ ირანის მთავრობიდან.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი კონფლიქტის დასრულების შუალედური შეთანხმება სრუტეს გლობალური ტრაფიკისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდიდა, მარშრუტის საბოლოო ბედთან დაკავშირებით ფორმულირება ბუნდოვანი დარჩა.
მემორანდუმში ნათქვამია, რომ ირანი „მიიღებს ზომებს კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის უსასყიდლოდ, მხოლოდ 60 დღის განმავლობაში“. ირანელი მომლაპარაკებლები ამ წინადადებას აშშ-ს მიერ ირანის მხრიდან სრუტის მართვის უფლების აღიარებად განმარტავენ.
საინტერესოა, რომ აშშ და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები ამ ინტერპრეტაციას უარყოფენ. ირანის პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი შეერთებული შტატების მიმართ უნდობლობაა, რაც გამწვავდა ტრამპის 2018 წლის გადაწყვეტილებით, რომ გამოსულიყო ბირთვული შეთანხმებიდან.
Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ერთ-ერთი ირანელი მაღალი რანგის წყაროს თქმით, თუ ირანი ჰორმუზის საკითხზე უკან დაიხევს, ტრამპი მხოლოდ გააძლიერებს თავის მოთხოვნებს სხვა სფეროებში, მათ შორის ბირთვულ პროგრამასა და ირანის რაკეტების მარაგზე. წყარო განმარტავს, რომ ასეთი ნაბიჯი „დანებებას ნიშნავს და ეს შეუძლებელია“.
შეგახსენებთ, რომ ირანი შეერთებულ შტატებს წლების განმავლობაში აფრთხილებდა, რომ მას ჰორმუზის სრუტის დაკეტვა ისევე მარტივად შეეძლო, როგორც ეს „ერთი ჭიქა წყლის დალევა“ იქნებოდა, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, ირანის პოლიტიკური ელიტა ამ გადაწყვეტილების მიღებას წლობით ერიდებოდა, რადგან მას უკიდურეს ზომად მიიჩნევდნენ.
მათი ყოყმანის მიზეზი კი საერთაშორისო იზოლაციის გაზრდის საფრთხე იყო ისეთი ქმედებით, რომელიც როგორც სპარსეთის ყურის მეზობლებს, ასევე გლობალურ ენერგომომხმარებლებს განარისხებდა და საბოლოოდ მათ ეკონომიკას დააზარალებდა.
თუმცა 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთობლივად განხორციელებული თავდასხმისა და ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ჩათვალეს, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ. მათ სრუტე ყველა სახის ტრანსპორტისთვის დახურეს, რამაც ისტორიაში გლობალური ენერგომომარაგების ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია.
ნავთობის ფასებზე გავლენის შენარჩუნების საბაბით, ვაშინგტონმა აპრილში ირანის პორტების ბლოკადის გადაწყვეტილება მიიღო. საბოლოოდ კი, ჰორმუზის ბლოკადის ხარჯები იმდენად გაიზარდა, რომ შეთანხმებას ორივე მხარე დათანხმდა.
მას შემდეგ, რაც ირანმა სრუტის ჩაკეტვით აშშ აიძულა მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო, ირანი თვლის, რომ მან ამ შესაძლებლობის ფორმალიზება უნდა მოახდინოს.
ამჟამად ირანი ახლა გაცილებით მეტადაა ორიენტირებული ჰორმუზის საკითხზე, ვიდრე ბირთვულ პროგრამაზე, სადაც ის ასევე თვლის, რომ ვაშინგტონმა აღიარა ურანის გამდიდრების და არსებული მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების შიდა დონეზე განზავების უფლება.
ბირთვული საკითხი თითქმის 25 წლის განმავლობაში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დავის ყველაზე დიდი საგანი იყო, ირანის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სანქციების მიზეზი და ტრამპის მიერ წამოწყებული ომის მთავარი საბაბი.
ირანმა უარი თქვა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზეც კი, სანამ შეერთებული შტატები არ დაეთანხმება ჰორმუზის სრუტეზე ირანის სრული მართვის უფლებას.















