საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 730.66 მლნ ლარით, 1.36%-ით გაიზარდა. შედეგად, აპრილის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 54.51 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.66%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მილიონი ლარით, 1.47%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მილიონი ლარით, 1.22%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 8.82 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 15.47 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 0.2%-იანი კლება, მეორე შემთხვევაში კი 1.71%-იანი მატება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილის განმავლობაში 1.72%-ით, ანუ 481.62 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 28.41 მილიარდი ლარი შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.25% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.06 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.