ფოტო: finviz.com
ორშაბათს, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, Alibaba-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ღირებულების კლება კომპანიის მიერ AI-მიმართულების განსავითარებლად ახლად გამოშვებული ქციების ფართომასშტაბიანი გაყიდვის დაანონსებას მოჰყვა. კერძოდ, Alibaba-მ $10.2 მილიარდის ღირებულების აქციები პარასკევის სავაჭრო სესიის დახურვის ფასთან შედარებით 8.4%-იანი ფასდაკლებით განათავსა.
Alibaba ჯამში 710 მილიონი ახლად გამოშვებული აქციის გაყიდვით $10.2 მილიარდის (თითო აქციაზე დაახლოებით $14.38) მოზიდვას გეგმავს. გასაყიდად გამოტანილი 710 მილიონი აქცია კომპანიის აქციების გაზრდილი საერთო რაოდენობის დაახლოებით 3.6%-ს შეადგენს, რაც არსებული აქციონერების წილების განზავებას გამოიწვევს. მოზიდული თანხა AI-ჩიპების, ინფრასტრუქტურისა და ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებაში ჩაიდება.
ელექტრონული კომერციის ბიზნესის შენელების ფონზე, Alibaba-სთვის ხელოვნური ინტელექტი შემოსავლების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად იქცა. Alibaba-ს Qwen-ის AI-მოდელები კი ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სისტემებად ითვლება. თუმცა ინვესტორები კომპანიის AI-ის მიმართულებით წარმატებას ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან Alibaba-ს უფრო მეტად ელექტრონულ კომერციას უკავშირებენ, ვიდრე მოწინავე ტექნოლოგიებს.
შედეგად, Alibaba-ს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ლისტინგული აქციების ფასი დღის განმავლობაში თითქმის 10.5%-ით დაეცა. თუმცა მოგვიანებით ზარალი შემცირდა და დაახლოებით ახალი აქციების შეთავაზების ღირებულებას გაუტოლდა.
მიუხედავად ამისა, აქციების გაყიდვის დაანონსებას ძლიერი მოთხოვნა მოჰყვა. შეთავაზებამ დაახლოებით $28 მილიარდის მოცულობის განაცხადები უკვე მიიზიდა, მათ შორის $6 მილიარდის მოთხოვნა გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის მქონე და სუვერენული ინვესტორებისგან.
შეთავაზების დაახლოებით 40% სწორედ მსგავს ინვესტორებზე გადანაწილდება, მათ შორის ევროპიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოქმედ მსხვილ სუვერენულ ფონდებზე. ინვესტორებს შორის იყვნენ Qatar Investment Authority, ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი Norges Wealth Fund-ი და Hillhouse-ი.















