ბიტკოინის ღირებულებამ $80,000-ს გადააჭარბა | კრიპტოვალუტა 100-დღიან მაქსიმუმზეა

ბიტკოინის ღირებულებამ $80,000-ს გადააჭარბა | კრიპტოვალუტა 100-დღიან მაქსიმუმზეა

ფოტო: Illustration by Chesnot/Getty Images

 

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ $80,000-ს გადააჭარბა. ამჟამად Coinmarketcap-ზე ბიტკოინი $80,694-ად ივაჭრება.

კრიპტობაზრის ბოლოდროინდელი ზრდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიპტოპოლიტიკის გააქტიურების შედეგია. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი ტრამპმა კონგრესს კრიპტოვალუტების რეგულირების ე.წ. „გამჭვირვალობის აქტის“ სამართლიანი ვერსიის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანონმდებლობა მათ ქვეყანას კრიპტოინდუსტრიაში კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ტრამპმა კრიპტოვალუტებს „ფინანსური ტექნოლოგიაც“ უწოდა, რომელსაც ამერიკელებისთვის მეტი სამუშაო ადგილისა და სიმდიდრის შექმნა შეუძლია.

ბიტკოინის ფასის ზრდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების კრიპტოპოლიტიკაზე საუბრის გააქტიურების გარდა, კონკრეტული ფინანსური მანიპულაციების შედეგიცაა. კერძოდ, აშშ-ის ბიტკოინის ETF-ებში ინსტიტუციური კაპიტალის შემოდინება საგრძნობლად განახლდა, რაც 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ყოველკვირეული შემოდინებაა. გარდა ამისა, $280 მილიონის ღირებულების პოზიციების ლიკვიდაციაც განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო ფასის ზრდას.

ბიტკოინი ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტაა, რომელიც კრიპტობაზრის 59%-ს შეადგენს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.62 ტრილიონია, კრიპტობაზრის სრული ღირებულება კი $2.71 ტრილიონს შეადგენს. ამჟამად ცირკულაციაში 20.07 მილიონი ბიტკოინია, სულ კი 21 მილიონი ერთეული ბიტკოინის გამოშვებაა დაგეგმილი.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასი ერთი წლის განმავლობაში 28.11%-ით შემცირდა. ბიტკოინმა რეკორდულ ღირებულებას გასული წლის ოქტომბერში მიაღწია, როდესაც მისი ფასი $126,198 იყო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.