არაბთა გაერთიანებული საამიროები სამხრეთ კორეაში $30 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

არაბთა გაერთიანებული საამიროები სამხრეთ კორეაში $30 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროები სამხრეთ კორეის ინდუსტრიებში $30 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

სამხრეთკორეულ ინდუსტრიებში ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნების პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაანონსდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ-ნაჰაიანს აბუ-დაბიში, ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

„სამხრეთ კორეაში $30-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნისადმი არსებულ ნდობას ეფუძნება, რადგან სამხრეთი კორეა დანაპირებს ნებისმიერ გარემოებაში ასრულებს“, – ციტირებს იუნის ოფისი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის განცხადებას.

ამ ეტაპისთვის, საინვესტიციო გეგმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია საჯარო არაა, თუმცა, როგორც იუნის პრესმდივანი კიმ იუნ-ჰაი იუწყება, მიღებული თანხა ბირთვული ენერგიის, თავდაცვის, წყალბადისა და მზის ენერგიის ინდუსტრიებს მოხმარდება. სეულის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, $30 მილიარდის ინვესტიციას სუვერენული ფონდები, მათ შორის Mubadala Investment Company უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ სამიტზე ორ ქვეყანას შორის ჯამში ცამეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მათ შორისაა შეთანხმება კორეის სახელმწიფო განვითარების ბანკსა და აბუ-დაბის სახელმწიფო ფონდ Mubadala-ს შორის, რომელიც სამხრეთ კორეის კომპანიებში ინვესტიციებისთვის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *