ირანი მარტისთვის Sukhoi Su-35-ტიპის რუსულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებს

ირანი მარტისთვის Sukhoi Su-35-ტიპის რუსულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებს

სამხედრო შეკვეთის ფარგლებში, ირანი მარტისთვის რუსული წარმოების Sukhoi Su-35-ტიპის ავიაგამანადგურებლების გარკვეულ რაოდენობას მიიღებს. ინფორმაციას ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ი ირანელ დეპუტატთან ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო გარიგება ირანისთვის თავდაცვის სისტემების, რაკეტებისა და ვერტმფრენების მიწოდებასაც ითვალისწინებს.

ინტერვიუს მსვლელობისას, ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის წევრს, შაჰრიარ ჰეიდარის ირანის მიერ შეკვეთილი თვითმფრინავების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. „საბრძოლო იარაღების უმეტესობას ირანი უახლოეს პერიოდში მიიღებს. მაგალითად, Sukhoi 35-ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ირანში მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვა“, – განაცხადა ჰეიდარიმ. შეგახსენებთ, ირანში ახალი კალენდრული წელი 21 მარტს იწყება.

რუსეთსა და ირანს შორის განსაკუთრებით მჭიდრო კავშირები უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ განვითარდა. ირანმა რუსეთს სამხედრო დრონებიც მიაწოდა, რის გამოც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკა და გამკაცრებული სანქციები დაიმსახურა. უკრაინის ომში რუსეთმა ირანული წარმოების ასობით Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. ირანულ დრონებს რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ფრენა, სამიზნე ზონის მონიშვნა და მათ მიერ გადატანილი ასაფეთქებელი მასალით დაშვება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია მოსკოვსა და თეირანს შორის რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ირანული დრონის წარმოებისთვის შეთანხმების გაფორმების შესახებ. გამოცემის ცნობით, რუსეთისა და ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საბოლოო შეთანხმებას ნოემბრის დასაწყისში მიაღწიეს, წარმოების დაწყება კი უახლოეს თვეებში იგეგმებოდა.