არაბული ქვეყნების ლიდერებმა ღაზის აღდგენის $53-მილიარდიან გეგმას მხარი დაუჭირეს

არაბული ქვეყნების ლიდერებმა ღაზის აღდგენის $53-მილიარდიან გეგმას მხარი დაუჭირეს

არაბული ქვეყნების ლიდერებმა ეგვიპტის მიერ შეთავაზებულ $53-მილიარდიან გეგმას, რომელიც ღაზის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირეს. ეგვიპტის პროექტი, რომელიც ტრამპის შეთავაზების წინააღმდეგაა მიმართული, ლიდერებმა კაიროში გამართულ სამიტზე დაამტკიცეს.

ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, შეთავაზებული პროექტი „მიზნად პალესტინელების საკითხის ყოვლისმომცველ და სამართლიან გადაწყვეტას, კონფლიქტის დასრულებას, რეგიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასა და პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს“. შეხვედრის შემდეგ ეგვიპტის ლიდერმა, არაბულ ქვეყნებთან ერთად, აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.

ეგვიპტის გეგმა, ასევე ცნობილი, როგორც „არაბული გეგმა“, ტერიტორიიდან პალესტინელების განსახლების გარეშე, ღაზის რეკონსტრუქციას გულისხმობს. არსებული მიზნით, პროექტი 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს. თავის მხრივ, ეს გეგმა წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებასთან, რომელიც აშშ-ის მიერ ღაზის სექტორის „დაუფლებას“ და პალესტინელებისთვის ტერიტორიის მახლობლად ახალი დასახლების მოწყობას ითვალისწინებდა.

ეგვიპტის პროექტის საწყისი ეტაპი ომის 50 მილიონ ტონაზე მეტი ნამსხვრევისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან ღაზის გაწმენდას მოიცავს. ამის შემდგომ, არაბული ქვეყნების ხელშეწყობით, ტერიტორიაზე ურბანული, მწვანე და მდგრადი საცხოვრებელი სივრცე შეიქმნება. სქემა ასევე ითვალისწინებს აეროპორტის, სათევზაო და კომერციული პორტის გახსნას.

ღაზის აღდგენის გეგმას „ჰამასი“ მხარს უჭერს, თუმცა ისრაელი წინააღმდეგია. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ორენ მარმორშტაინის განცხადებით, ეგვიპტის გეგმა არსებულ რეალობას არ ეხმიანება. მან ასევე დაგმო ფაქტი, რომ სამიტის შემდგომ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში ომის გამომწვევი 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ნახსენები არ არის.

ეგვიპტის პროექტს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერ ბრაიან ჰიუჯის განცხადებით, შეერთებული შტატები არაბული ქვეყნების ჩართულობას მიესალმება, თუმცა „ჰამასის“ ხელისუფლებაში დარჩენას არ დაუშვებს.