ფოტო: Adobe Stock Photo
ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა (DNB) გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზრდის მოტივით 86 ტონა ოქროს მარაგი აშშ-დან და კანადიდან დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
DNB-ის განცხადებით, ლონდონში განთავსებული ოქროს გაყიდვა და გამოყენება უფრო მარტივია, ვიდრე ნიუ-იორკსა და ოტავაში შენახული რეზერვების. „ეს DNB-ს კრიზისულ სიტუაციაში ოქროს ყველაზე სწრაფად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, – განმარტა ბანკმა.
ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ოლაფ სლეიპენის განცხადებით, გადაწყვეტილება ოქროს რეზერვების გამოყენების შესაძლებლობის გაუმჯობესებასა და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას ემსახურება.
DNB-ის ინფორმაციით, ქვეყნის ოქროს მთლიანი მარაგი 612.4 ტონას შეადგენს, რომლის ღირებულებაც 2025 წლის ბოლოსთვის €72.2 მილიარდი იყო.
გადაადგილებამდე ნიდერლანდების ოქროს მარაგის 31.3% ნიუ-იორკში, ხოლო 19.7% ოტავაში ინახებოდა. გადატანის შემდეგ აშშ-სა და კანადაში განთავსებული ოქროს წილი, შესაბამისად, 18.5%-მდე შემცირდა.
ამავდროულად, ლონდონში შენახული ოქროს წილი 18.1%-დან 32.1%-მდე გაიზარდა. თვითონ ნიდერლანდებში კი ქვეყნის ოქროს მარაგის 30.8% რჩება.
DNB-ის განმარტებით, ტრანსფერი ნაწილობრივ ოქროს ყიდვა-გაყიდვის გზით, ნაწილობრივ კი მისი ფიზიკური გადაადგილებით განხორციელდა.














