ფოტო: key2law.com
მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ნაწილი ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს. მათი საქმიანობის სფეროები კი განსხვავებულია და ენერგეტიკას, საბანკო სექტორს, მშენებლობას, საცალო ვაჭრობასა და ავტომობილების წარმოებას მოიცავს.
Fortune Global 500-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ მსოფლიოს 30 უმსხვილესი კომპანიის სიას, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ საქმიანობენ. რეიტინგში კომპანიების შემოსავლები მოიცას ფისკალურ წელს, რომელიც 2026 წლის 31 მარტს, ზოგ შემთხვევაში კი მანამდე დასრულდა.
რეიტინგში პირველ ადგილს ჩინური State Grid-ი იკავებს, რომლის წლიურმა შემოსავალმა $555 მილიარდი შეადგინა. მას საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco მოსდევს $446 მილიარდის შემოსავლით, ხოლო მესამე ადგილზე კვლავ ჩინური China National Petroleum-ია, რომლის შემოსავალმაც $402 მილიარდს მიაღწია.
ჩინური კომპანიების პოზიციების გაძლიერება განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ მიმდინარე სურათს საუკუნის დასაწყისს შევადარებთ. 2000 წელს შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს 10 უმსხვილეს კომპანიას შორის არცერთი ჩინური ფირმა არ იყო. დღეს კი State Grid-ი მსოფლიო მასშტაბით შემოსავლების მიხედვით მესამე უმსხვილესი კომპანიაა და მხოლოდ Amazon-სა და Walmart-ს ჩამორჩება.
ჩინური კომპანიები რეიტინგში განსაკუთრებით ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები დომინირებენ. გამონაკლისებს შორის არიან კერძო სექტორის წარმომადგენლები – ელექტრონული კომერციის კომპანიები: JD.com-ი და Alibaba, რომელთა წლიურმა შემოსავალმა, შესაბამისად, $182 მილიარდი და $144 მილიარდი შეადგინა.
რეიტინგის ზედა ნაწილში ენერგეტიკული კომპანიები ჭარბობენ. როგორც აღვნიშნეთ, Saudi Aramco, რომელიც საუდის არაბეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობისა და გაზის კომპანიაა, $446 მილიარდის წლიური შემოსავლით აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოქმედ კომპანიებს შორის მეორე ადგილს იკავებს. კომპანია მსოფლიოში ნავთობის უდიდეს საბადოებს ფლობს და ტექნოლოგიური სექტორის მიღმა ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან ბიზნესად რჩება.
რეიტინგის მაღალ პოზიციებზე არიან ევროპული ენერგოგიგანტებიც. ბრიტანული Shell-ი $274 მილიარდის შემოსავლით მერვე ადგილზეა, BP $193 მილიარდით მე-14 პოზიციას იკავებს, ხოლო ფრანგული TotalEnergies-ი $182 მილიარდის შემოსავლით მე-17 ადგილზეა. ეს კომპანიები მე-20 საუკუნის განმავლობაში გლობალურ ნავთობის ინდუსტრიაში დომინირებდნენ, თუმცა ბოლო ათწლეულებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგოკომპანიების როლი გაიზარდა და მათი პოზიციები შემცირდა.
რეიტინგში ჩინური კომპანიების წარმომადგენლობა ენერგეტიკასთან ერთად მშენებლობას, საცალო ვაჭრობას, საბანკო და სადაზღვევო სექტორებს მოიცავს. თუმცა ავტომობილების ინდუსტრიაში სურათი განსხვავებულია.
ჩინური ავტომწარმოებლების, მათ შორის BYD-ისა და Great Wall Motor-ის, სწრაფი ზრდის მიუხედავად, შემოსავლების მოცულობით ისინი ჯერ კიდევ ჩამორჩებიან ევროპულ და იაპონურ კონკურენტებს. Volkswagen-ი $363 მილიარდის შემოსავლით რეიტინგში მეხუთეა, Toyota Motor-ი კი $336 მილიარდით მეექვსე ადგილზეა. გერმანული BMW-ის წლიურმა შემოსავალმა $151 მილიარდი შეადგინა, რითაც 24-ე ადგილს იკავებს.
თუმცა ელექტრომობილების ბაზრის გაფართოებასთან ერთად, ჩინური მწარმოებლების დაბალი დანახარჯები და საფასო უპირატესობა ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის, მათ შორის Volkswagen-ისთვის, მნიშვნელოვან კონკურენტულ წნეხს ქმნის.
| # | კომპანია | ქვეყანა | წლიური შემოსავალი |
|---|---|---|---|
| 1 | State Grid | ჩინეთი | $555 მლრდ |
| 2 | Saudi Aramco | საუდის არაბეთი | $446 მლრდ |
| 3 | China National Petroleum | ჩინეთი | $402 მლრდ |
| 4 | Sinopec Group | ჩინეთი | $364 მლრდ |
| 5 | Volkswagen | გერმანია | $363 მლრდ |
| 6 | Toyota Motor | იაპონია | $336 მლრდ |
| 7 | China State Construction Engineering | ჩინეთი | $290 მლრდ |
| 8 | Shell | დიდი ბრიტანეთი | $274 მლრდ |
| 9 | Hon Hai Precision Industry | ტაივანი | $260 მლრდ |
| 10 | Glencore | შვეიცარია | $248 მლრდ |
| 11 | Trafigura | სინგაპური | $240 მლრდ |
| 12 | Samsung Electronics | სამხრეთი კორეა | $235 მლრდ |
| 13 | Industrial & Commercial Bank of China | ჩინეთი | $211 მლრდ |
| 14 | BP | დიდი ბრიტანეთი | $193 მლრდ |
| 15 | Agricultural Bank of China | ჩინეთი | $191 მლრდ |
| 16 | China Construction Bank | ჩინეთი | $189 მლრდ |
| 17 | TotalEnergies | საფრანგეთი | $182 მლრდ |
| 18 | JD.com | ჩინეთი | $182 მლრდ |
| 19 | China Life Insurance | ჩინეთი | $178 მლრდ |
| 20 | Stellantis | ნიდერლანდები | $173 მლრდ |
| 21 | Bank of China | ჩინეთი | $172 მლრდ |
| 22 | Ping An Insurance | ჩინეთი | $159 მლრდ |
| 23 | China Railway Engineering Group | ჩინეთი | $152 მლრდ |
| 24 | BMW | გერმანია | $151 მლრდ |
| 25 | Mercedes-Benz | გერმანია | $149 მლრდ |
| 26 | China Mobile Communications | ჩინეთი | $147 მლრდ |
| 27 | Banco Santander | ესპანეთი | $145 მლრდ |
| 28 | Honda Motor | იაპონია | $145 მლრდ |
| 29 | Alibaba | ჩინეთი | $144 მლრდ |
| 30 | China Railway Construction | ჩინეთი | $144 მლრდ |
















