დეველოპერული კომპანია „არქი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ფლორიდის შტატში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტი, რომელიც მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე შენდება 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. ინვესტიცია $50 მილიონია.
პროექტი სახელწოდებით – „არქი მაიამი“, ამერიკულ დეველოპერულ კომპანია „ელიტ გრუპთან“ პარტნიორობით განხორციელდება. კომპლექსის ვიზუალურ მხარეზე წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studio-მ იმუშავა.
„მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის პროექტების შემდეგ, ვფიქრობ, „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ, თუმცა პარალელურად „არქი“ თავის ძალისხმევას უცხოური ბაზრის ათვისებისკენაც მიმართავს.“ – „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.
კომპლექსის მშენებლობა მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში, 2026 წლისთვის დასრულდება. ცნობისთვის, „არქი მაიამი“ არქის პირველი გლობალური პროექტია, თუმცა კომპანიის სამომავლო პრიორიტეტებს შორის ფლორიდის შტატისა და ზოგადად, ამერიკული ბაზრის ათვისება შედის.
„არქი“ სამშენებლო ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. დეველოპერულ კომპანიას დასრულებული აქვს 45 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი 835 000 კვ.მ.-ზე მეტია. ამ ეტაპზე 22 პროექტი შენდება, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ 10-მდე ახალი საცხოვრებელი სახლის და რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება თბილისში, ასევე შავი ზღვისა და მთის კურორტებზე.