რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტში ჩართული რუსული გემისა და ორი კომპანიისათვის აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების გამო, მოსკოვი საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს.
Nord Stream 2-ის პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიარდი აშშ დოლარია და ის თითქმის გააორმაგებს ბალტიის ზღვის გასწვრივ უკვე არსებულ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენს. Nord Stream 2 რუსეთს საშუალებას აძლევს ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს. აღნიშნული პროექტი უკვე წლებია დაძაბულობის კერაა ოფიციალურ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
პარასკევს ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსულ გემს, მის მფლობელსა და მშენებელ კომპანიას სანქციები დაუწესა. თუმცა, პროექტის მოწინააღმდეგეების აზრით, აღნიშნული ზომები არასაკმარისია. მოგეხსენებათ, პროექტის განხორციელებით უკრაინამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წელიწადში 2 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
გარდა ამისა, პარასკევს, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს იმ მამაკაცებსაც, რომლებიც, მათი მტკიცებით, რუსული დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კრემლის კრიტიკოსის, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის ასეთი მტრული ქმედებები, პოლიტიკური ნების ნაკლებობად მიაჩნია. მათი აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს პარტნიორობაზე დაფუძნებული რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების აშენება.