ფოტო: Getty Images
Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა მსოფლიოს ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებით დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიარდერი ვარაუდობს, რომ ტექნოლოგია მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულ გლობალურ უთანასწორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
გეიტსის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის ანგარიშში ამერიკელი ბიზნესმენი წერს, რომ AI-ს შეუძლია ,საზოგადოებისთვის „დიდი გამათანაბრებელი“ ძალა გახდეს, თუმცა ასევე არსებობს რისკი, რომ ტექნოლოგია, პირიქით, ამ სხვაობას კიდევ უფრო გაზრდის.
Microsoft-ის დამფუძნებლის თქმით, მას პერსონალური კომპიუტერების რევოლუციაც აქვს გამოვლილი, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარების არსებული ტემპი არც ერთ სხვა ტექნოლოგიურ ცვლილებას არ ჰგავს. გეიტსის პროგნოზით, AI უფრო სწრაფად ვითარდება და უფრო მეტ ადამიანს აღწევს, ვიდრე მანამდე არსებული ნებისმიერი ტექნოლოგია.
როგორც მილიარდერი Goalkeepers 2026-ის ანგარიშში წერს, იმ შემთხვევაში, თუ AI-ის განვითარება მხოლოდ ბაზრის პრინციპებს დაექვემდებარება, საბოლოოდ შესაძლოა მივიღოთ ტექნოლოგია, რომელიც „მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ინტერესებსა და საჭიროებებს მოერგება“.
გეიტსი მიიჩნევს, რომ მომდევნო 12-18 თვეში მიღებული გადაწყვეტილებები ამ პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ფაქტობრივად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ მიიღებს AI-სგან ყველაზე დიდ სარგებელს, იქნებიან ეს ადამიანები, რომელთაც ისედაც აქვთ ყველაზე მეტი რესურსი, თუ ისინი, ვისაც, პირიქით, ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვს.
მილიარდერის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის საზოგადოებისთვის სასარგებლოდ გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ეს ავტომატურად არ მოხდება.
ცნობისთვის, „გეიტსების ფონდი“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტსა და AI-ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე წვდომის გაფართოებისთვის სულ მცირე $1 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. ამ თანხის დაახლოებით 40% განათლებას მოხმარდება, მათ შორის AI-ტუტორების განვითარებას, კიდევ 40% კი ჯანდაცვის მიმართულებაზე დაიხარჯება.












