აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობიდან გადადგა

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. Reuters-ის მიერ ადრე გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრინკი თანამდებობიდან გადადგომას და საგარეო სამსახურის დატოვებას თავადვე განიხილავდა.

„ელჩი ბრინკი თანამდებობას ტოვებს. ის სამი წლის განმავლობაში მსახურობდა ელჩის რანგში – ეს საკმაოდ დიდი დროა ომის ზონაში“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელექტრონულ წერილში, რომელიც Reuters-ს გაუგზავნა.

ბრიჯიტ ბრინკი ამ თანამდებობაზე ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა. ის უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩად 2022 წლის მაისში დაინიშნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყაროთა ინფორმაციით, მან თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავადვე მიიღო.

უკრაინაში შეერთებულ შტატების ელჩად დანიშვნამდე, ბრინკი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროში. უკრაინის გარდა, ის ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში სერბეთში, კვიპროსსა და უზბეკეთში.