აშშ-ის ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

აშშ-ის ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი

დიგიტალიზაციის ეპოქაში ნახევარგამტარების ინდუსტრია ყოველდღიურად ფართოვდება, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე კი ქვეყნები სფეროს კვლევისა და განვითარებისთვის ინვესტიციებს არ იშურებენ. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 2022 წელს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩიპებისა და მეცნიერების აქტი“ წარადგინა. კანონპროექტის ფარგლებში, ამერიკული ნახევარგამტარების კვლევების, განვითარების, წარმოებისა და სამუშაო ძალის მომზადებისთვის $52.7 მილიარდი გამოიყოფა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახევარგამტარების ინდუსტრიის გლობალური ლიდერების დიდი ნაწილი ოპერირებს. კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაზე დაყრდნობით, შტატებში ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებელი Nvidia-ა, რომელიც AI-ის ბუმის გავლენით ჩიპებზე მოთხოვნის ზრდის შედეგად, 30 მაისს, ერთი დღით, $1-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების „ელიტარულ ჯგუფს” შეუერთდა. Companies Market Cap-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე გრაფიკული და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი, $955-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის მეექვსე პოზიციას იკავებს.

შეერთებულ შტატებში ჩიპების ორი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი, AMD-ი და Intel-ი, კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციების რეიტინგში, $195 მილიარდითა და $130 მილიარდით, მესამე და მეხუთე პოზიციაზე მოხვდა. დიდი ხნის კონკურენტები განსხვავებული ტრაექტორიით მოძრაობენ: თუ AMD-ის აქციები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 770%-ით გაიზარდა, იმავე პერიოდში Intel-ის აქციების 47%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მონაცემთა ცენტრის სეგმენტია, რომელშიც AMD-ი, როგორც ჩანს, Intel-ს ბაზრის დიდ ნაწილს ართმევს.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ნახევარგამტარების მწარმოებლები გეოპოლიტიკური კონფლიქტის შემადგენელ ნაწილად იქცნენ. 2022 წლის ოქტომბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ ექსპორტის კონტროლისთვის ახალი წესები წარადგინა, რომელიც აშშ-ის აღჭურვილობით წარმოებულ ნახევარგამტარებზე ჩინეთის წვდომას ზღუდავს.

შეზღუდვებმა გავლენა წარმოდგენილი რეიტინგის წევრებზეც, მათ შორის Lam Research-სა და Applied Materials-ზეც იქონია. ექსპორტის კონტროლის გამოცხადებიდან მალევე, Lam Research-მა ყოველწლიურ შემოსავლებში $2.5 მილიარდის დაკარგვა ივარაუდა. აშშ-ის შეზღუდვების საპასუხოდ კი, 2023 წლის მაისში, ჩინეთმა მეხსიერების ჩიპების უმსხვილეს ამერიკულ მწარმოებელს, Micron-ს, კომპანიის პროდუქტების „უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ოპერატორებისთვის“ მიყიდვა აუკრძალა.

წარმოგიდგენთ აშშ-ის ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს (საბაზრო კაპიტალიზაცია 2023 წლის 8 ივნისის მონაცემებით):

  1. Nvidia – $955 მილიარდი
  2. Broadcom – $334 მილიარდი
  3. AMD – $195 მილიარდი
  4. Texas Instruments – $156 მილიარდი
  5. Intel – $130 მილიარდი
  6. Qualcomm – $128 მილიარდი
  7. Applied Materials – $114 მილიარდი
  8. Analog Devices – $91 მილიარდი
  9. Lam Research – $82 მილიარდი
  10. Micron Technology – $71 მილიარდი
  11. Snyopsys – $66 მილიარდი
  12. KLA – $64 მილიარდი
  13. Marvell Technology Group – $51 მილიარდი
  14. Microchip Technology – $44 მილიარდი
  15. ON Semiconductor – $38 მილიარდი