Hershey’s-ის ქართულმა ოფისმა სამართავად ევროპის ბაზარი დაიმატა

Hershey’s-ის ქართულმა ოფისმა სამართავად ევროპის ბაზარი დაიმატა

შოკოლადის მწარმოებელი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Hershey’s-ის ქართულ ოფისს მიმდინარე წლის აპრილიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარი შეემატა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული მწარმოებლის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში მანამდე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს მართავდა.

„ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს წარმომადგენლობა მართავს მულტიმილიარდიანი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ყველა ოპერაციას აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, საქართველო მსოფლიოში პოზიციონირდეს როგორც საერთაშორისო ბრენდების პარტნიორი ჰაბი“, – აცხადებს Hershey’s-ის ქართული წარმომადგენლობის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ჯანაშვილი Forbes Georgia-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, Hershey’s-ის ქართული ოფისი პასუხისმგებელია ბრენდის ზემოხსენებულ ბაზრებზე შეტანასა და განვითარებაზე, პარტნიორების შერჩევასა და მათთან ურთიერთობაზე, მარკეტინგსა და ყველა სხვა ოპერაციაზე.

„ევროპის ბაზარზე ვგეგმავთ აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს, ახალი პარტნიორებისა და ოფიციალური დისტრიბუტორების დამატებას, რომლებთან ერთადაც გავზრდით როგორც ზოგადად ამერიკული ბრენდების, ასევე კონკრეტულად Hershey’s-ის ბაზრის წილსა და წარმატებას აღნიშნულ რეგიონში. სამომავლოდ, ასევე განვიხილავთ საქართველოში ამერიკული სხვადასხვა საწარმოო ხაზების გადმოტანას“, – დასძენს სალომე ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, სალომე ჯანაშვილმა Hershey’s-ის ქართული ოფისი 2021 წელს დააარსა, 2022 წლიდან კი ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა „ნიკორასთან“ პარტნიორობით, რომელიც Hershey’s-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. აღსანიშნავია, რომ ქართული წარმომადგენლობის გავლით, ბრენდი უკვე შევიდა უზბეკეთის, სომხეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სალომე ჯანაშვილი Forbes Georgia-ს პროექტის, 30 Under 30-ის 2021 წლის გამარჯვებულია კატეგორიაში: მედია და მარკეტინგი.