Gallup-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დონალდ ტრამპის როგორც პირველი, ასევე მეორე ვადით პრეზიდენტობის სადებიუტო 100 დღე, ყველა თანამედროვე ამერიკელ პრეზიდენტთან შედარებით, მოწონების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
მართალია, მეორე ვადით პრეზიდენტობის 100 დღის შეფასება შედარებით, კერძოდ, 4%-ით მაღალია, თუმცა დანარჩენი პრეზიდენტების შეფასებებს მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებისას, 2025 წლის იანვარში, მისი მოწონების რეიტინგი 47%-ზე იყო, თუმცა აპრილისთვის, 100 დღის გასვლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 44%-მდე შემცირდა.
ტრამპისგან განსხვავებით, წინა პრეზიდენტებმა ე.წ. „თაფლობის თვის“ ეფექტით ისარგებლეს, რაც ახალარჩეული ლიდერებისადმი პირველ თვეებში მაღალ მხარდაჭერაში გამოიხატება. მაგალითად, ჯონ კენედის მაჩვენებელი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს 81% იყო — ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 70 წლის განმავლობაში.
Gallup-ის კვლევის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა პრეზიდენტ ტრამპს ეკონომიკის მართვის კუთხით დიდ ნდობას არ უცხადებს. გამოკითხულთა 44%-მა აღნიშნა, რომ მას „თითქმის არანაირი ნდობა“ არ გააჩნია პრეზიდენტის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმართ, ხოლო 11%-მა განაცხადა, რომ მას მხოლოდ „ძალიან მცირე“ ნდობა აქვს.
Gallup-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა პირველი 100 დღის მოწონების რეიტინგის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტების სია შემოგვთავაზა, 1953-დან 2025 წლამდე პერიოდში. ჩამონათვალში ტრამპის გარდა კიდევ ათი ლიდერია შესული და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, 50%-იან ნიშნულს ყველა მათგანის მოწონების რეიტინგი სცდება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის წინამორბედის, ჯო ბაიდენის პირველი 100 დღის მოწონების რეიტინგი 57% პროცენტზე იყო, ბარაკ ობამასი კი — 63%-ზე.
პრეზიდენტების პირველი 100 დღის მოწონების რეიტინგი:
ჯონ კენედი (1961) – 81%
დუაიტ ეიზენჰაუერი (1953) – 74%
რონალდ რეიგანი (1981) – 67%
ჯიმი კარტერი (1977) – 64%
ბარაკ ობამა (2009) – 63%
რიჩარდ ნიქსონი (1969) – 62%
ჯორჯ უ. ბუში (2001) – 61%
ჯორჯ ჰ. უ. ბუში (1989) – 58%
ჯო ბაიდენი (2021) – 57%
ბილ კლინტონი (1993) – 55%
დონალდ ტრამპი (2025, მეორე ვადით) – 44%
დონალდ ტრამპი (2017, პირველი ვადით) – 40%