მიმდინარე წლის 6 ივნისიდან კუბა, ქვეყნის მასშტაბით, Visa-სა და Mastercard-ის საგადასახადო ბარათებით ტრანზაქციების განხორციელებას შეაჩერებს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებთან, რის გამოც ბოლო დღეებში უცხოური ბიზნესების ნაწილმა მათთან კავშირი გაწყვიტა.
კუბის ცენტრალური ბანკის განმარტებით, უცხოელმა პარტნიორმა, რომელიც ამ დრომდე ქვეყანაში საკრედიტო ბარათების ტრანზაქციებს ამუშავებდა, აშშ-ის მიერ პირველ მაისს გაცემული აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ კუბასთან ოპერაციების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ამ გადაწყვეტილების შედეგად, საერთაშორისოდ აღიარებული ბარათების — როგორიცაა VISA და MASTERCARD-ი — მეშვეობით განხორციელებული საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან კუბა შემოსავალს ვეღარ მიიღებს“, — ნათქვამია ცენტრალური ბანკის ოფიციალურ განცხადებაში. ბრძანება მორიგი ძლიერი დარტყმაა კუბის ეკონომიკისა და ისედაც კრიზისში მყოფი ტურიზმის ინდუსტრიისთვის.
ისტორიულად, კუბაში საკრედიტო ბარათების ტრანზაქციებს უცხოური ბანკი და ადგილობრივი ფინანსური კომპანია Fincimex, S.A. მართავდნენ. ეს უკანასკნელი სამხედრო კონგლომერატ GAESA-ს ფინანსური ფრთაა, რომელიც ასევე გვხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დასანქცირებულთა შორის.
ამერიკული მხარე GAESA-ს ქვეყნის ყველაზე ღირებული ინდუსტრიებიდან — მათ შორის ტურიზმიდან, ფინანსური ტრანზაქციებიდან, ფულადი გზავნილებიდან და ლოგისტიკიდან — მოგების ფარულად მიღებასა და თანხის სამხედროებისა და ელიტის სასარგებლოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.
თავის მხრივ, აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს კუბა და აცხადებს, რომ GAESA-მ, ღია და გამჭვირვალე საქმიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.













