ფოტო: Getty Images
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი რეკორდული, $1.75-ტრილიონიანი, IPO-სთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, SpaceX-ი აქციების საჯაროდ განთავსებისას გეგმავს, კომპანიის თითო აქციის ღირებულება $135-ად განსაზღვროს. შედეგად, კომპანია IPO-ზე $75 მილიარდს მოიზიდავს, რაც მას ისტორიაში საფონდო ბირჟაზე უმსხვილეს საჯარო განთავსებად აქცევს.
SpaceX-ის IPO-სთან დაკავშირებით დასახული მიზნების მიღწევის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება შანსი, რომ ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერის სტატუსს მოიპოვებს. ამჟამად ამერიკული Forbes-ი Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონებას $824 მილიარდად აფასებს. SpaceX-ის რეკორდული IPO-ს შემთხვევაში კი გამოცემა ანგარიშობს, რომ მასკის სიმდიდრის ღირებულება $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს.
გასულ თვეში აქციების საჯაროდ განთავსებაზე ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) SpaceX-ის მიერ წარდგენილ განაცხადზე დაყრდნობით, მასკი თავის კოსმოსურ კომპანიაში 4.8 მილიონ აქციას ფლობს, რაც ფირმის ჩვეულებრივი აქციების 42%-ია. დამატებით მის საკუთრებაშია 350 მილიონი საფონდო ოფციონი, რომელთა შესყიდვის ფასი 8.39 აშშ დოლარია.
თუ IPO-ზე კომპანიის აქციებით ვაჭრობა პროგნოზირებადი $135-დან დაიწყება, კომპანიაში მასკის წილი $688 მილიარდად შეფასდება. შედარებისთვის, ამერიკული Forbes-ი ამჟამად SpaceX-ში მასკის საკუთრებაში არსებული აქციების ღირებულებას $500 მილიარდად აფასებს. Forbes-ის შეფასება თებერვალში SpaceX-ისა და AI-სა და სოციალური მედიაკომპანია xAI-ის შერწყმას ეფუძნება. მასკის მიერ გაერთიანებული კომპანიების სავარაუდო ღირებულება $1.25 ტრილიონს აღწევს.
ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მასკის ქონებამ $1 ტრილიონს გადააჭარბოს, იმის გათვალისწინებით, რომ მასკს ასევე ეკუთვნის Tesla-ს აქციების თითქმის 12% ($174 მილიარდის ღირებულების), $121 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციების ოფციონები, წილები ნეიროტექნოლოგიურ სტარტაპ Neuralink-სა და ინფრასტრუქტურულ კომპანია Boring Company-ში და დამატებით ის თანხა, რომელიც მან Tesla-ს წინა აქციების გაყიდვებიდან მიიღო.
54 წლის ილონ მასკისთვის ტრილიონერობა მორიგი რეკორდული ეტაპი იქნებოდა. სულ რაღაც გასული წლის ოქტომბერში ის პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს გადააჭარბა. ცნობისთვის, ამჟამად მასკი თითქმის სამჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი, Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი, რომელიც $300 მილიარდის სიმდიდრეს ფლობს.













