აშშ-ის სენატის კომიტეტმა ტაივანის სამხედრო მხარდაჭერისთვის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატის კომიტეტმა ტაივანის სამხედრო მხარდაჭერისთვის კანონპროექტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა ტაივანისთვის სამხედრო მხარდაჭერის გასაზრდელად ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატიულად მართული კუნძულის მიმართ ჩინეთის გაძლიერებული სამხედრო ზეწოლის ფონზე, ეს გადაწყვეტილება ტაივანს მილიარდობით დოლარის მოცულობის დამატებითი სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა ჩვიდმეტი მომხრით, ხუთის წინააღმდეგ, „2022 წლის ტაივანის პოლიტიკის აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის დამტკიცება როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მიერ, ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებისადმი მხარდაჭერად შეიძლება შეფასდეს. ამაში იგულისხმება აშშ-ის ტაივანის, როგორც ნატოს არაწევრი უმთავრესი მოკავშირის მიმართ დამოკიდებულება.

ახალი კანონპროექტის ფარგლებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, აშშ $4.5 მილიარდს გამოყოფს უსაფრთხოების საკითხებში ტაივანის დასახმარებლად და მხარს დაუჭერს მის მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. კანონპროექტში საუბარია სანქციებზეც, რომლებიც კუნძულის გარშემო საომარი მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა ჩინეთს დაუწესდეს.

კანონპროექტის მხარდამჭერი სენატორების განცხადებით, არსებული სიტუაციის მკაფიოდ აღქმა აუცილებელია, თუმცა აშშ-ის მიზანი არც ომია და არც პეკინთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა.

თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტის ოფისმა აშშ-ის სენატს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი ტაივანისა და აშშ-ის პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს, განსაკუთრებით ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის თვალსაზრისით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *