ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებით, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. „ჩვენ მივიღეთ MEGOBARI აქტი. ეს არის ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხის მისამართით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, განაგრძონ დემოკრატიის პოზიტიური მიმართულებით განვითარება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სენატში MEGOBARI აქტის კენჭისყრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და მათი გარემოცვის სანქცირებას ითვალისწინებს. ორპარტიულ აქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ზრდის, პარალელურად კი ამყარებს კავშირებს რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
შეგახსენებთ, რომ MEGOBARI აქტი საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის ინტერესებსაც განსაზღვრავს, რაც გულისხმობს საქართველოს მხარდაჭერას კონსტიტუციით განსაზღვრული მისწრაფებების განხორციელებაში; სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას; ყველა პოლიტიკური პარტიისა და პარლამენტის არჩეული წევრებისთვის რეფორმების გეგმაზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებას; ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დღის წესრიგში კვლავ დაყენების შემთვხვევაში საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გადახედვას; საგარეო და სამხედრო დახმარების მიწოდების განხილვას და სხვა.
კანონპროექტი საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ბრალდება ძირფესვიანად გამოიძიოს და განსაზღვროს, შეიძლება თუ არა, აღნიშნული არჩევნები შეფასდეს არალეგიტიმურად, შესაბამისად, პასუხისმგებლობა დაეკისროთ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს.
საინტერესოა, რომ კანონის ორივე პალატაში დამტკიცების შემთხვევაში, 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, ვალდებულება ეკისრება, კონგრესის დახურულ კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთის სადაზვერვო უწყებების ელემენტებსა და მათ საქმიანობას შეეხება.