აშშ-მა ირანის პორტების ბლოკადა დაიწყო – დიალოგის იმედით ნავთობის ფასები ეცემა

აშშ-მა ირანის პორტების ბლოკადა დაიწყო – დიალოგის იმედით ნავთობის ფასები ეცემა

აშშ-ის სამხედროებმა ირანის პორტების ბლოკადა დაიწყეს, რამაც თეირანის გაღიზიანება გამოიწვია და ომის დასრულების მიზნით დიალოგის დაჩქარების მოლოდინი გააჩინა. კონფლიქტის დასრულების იმედით კი დღეს ნავთობის ფასები 100 დოლარზე დაბლა დაეცა.

Reuters-ის ინფორმაციით, შაბათ-კვირას ისლამაბადში მხარეებს შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის მცდელობები გრძელდება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის თქმით, კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეების ძალისხმევა კვლავ შესამჩნევია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ირანიდან დაუკავშირდნენ და შეთანხმების დადება სურდათ. ტრამპმა ისიც დასძინა, რომ შეერთებული შტატები არ დათანხმდება არცერთ შეთანხმებას, რომელიც თეირანს ბირთვული იარაღის ქონის საშუალებას მისცემს.

28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელმა მიერ ირანზე შეტევის დაწყების შემდეგ, ამ უკანასკნელმა ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტა ყველა გემისთვის, გარდა საკუთარი გემებისა. ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სრუტეში გავლა მხოლოდ ირანის კონტროლის ქვეშ და საფასურის გადახდის შემთხვევაში იქნებოდა დაშვებული. ჰორმუზის ბლოკირებამ ფართომასშტაბიანი შედეგები მოიტანა, რადგან კონფლიქტის დაწყებამდე მსოფლიოში ნავთობისა და გაზის თითქმის მეხუთედის ტრანსპორტირება სწორედ ამ გზით ხდებოდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩაკეტავდა ჰორმუზის სრუტის გასასვლელს ირანული და ნებისმიერ გემისთვის, რომელიც ზემოხსენებულ გადასახადს გადაიხდიდა. ამასთან, მისივე თქმით, ნებისმიერი „სწრაფი შეტევის“ ირანული გემი, რომელიც მათ დანაყოფებს მიუახლოვდებოდა, განადგურდებოდა. მეორე მხრივ, თეირანი დაიმუქრა, რომ სრუტეში გამავალ გემებს დაარტყამდა და მეზობელი ქვეყნების პორტებზე შურს იძიებდა.

აღსანიშნავია, რომ NATO-ს ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ ბლოკადაში მონაწილეობით კონფლიქტში არ ჩაერთვებიან. ამის სანაცვლოდ, მათ სრუტეზე გასასვლელის გახსნის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.