ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად, საჯაროდ დაადასტურა, რომ ქვეყანას კოსმოსში იარაღი აქვს განთავსებული. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის განცხადებით, ორბიტაზე განთავსებული იარაღი ამერიკელი სამხედროების მოწინააღმდეგის მტრული მოქმედებებისგან დაცვისთვისაა განკუთვნილი.
„აშშ-ს ახლა უკვე აქვს ორბიტაზე განთავსებული კოსმოსური კონტროლის იარაღი, რომელსაც მოწინააღმდეგის ქმედებებისგან ქვეყნის გაერთიანებული ძალების დაცვა შეუძლია“, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა მერილენდში, Air & Space Forces Association-ის კონფერენციაზე.
მინკის არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის იარაღზე საუბრობდა და არც მისი შესაძლებლობების შესახებ მოუწოდებია ინფორმაცია. მისივე განმარტებით, აშშ-ის მხრიდან ორბიტაზე იარაღის განთავსების აღიარება „შეკავების მიზანს“ ემსახურება, ტექნიკური დეტალების გამჟღავნება კი მათი სტრატეგიისთვის მხოლოდ ხელისშემშლელი იქნება.
მინკს არც ის განუმარტია, სისტემები კინეტიკურია თუ არაკინეტიკური ან უკვა გამოსცადა თუ არა ისინი ვაშინგტონმა.
აშშ-ის სამხედროები წლების განმავლობაში საუბრობდნენ კოსმოსში მოწინააღმდეგეების შეკავებისა და თანამგზავრების დაცვის აუცილებლობაზე, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონმა ორბიტაზე იარაღის განთავსება ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობისთვის, აშშ-ის კოსმოსური ძალები „კოსმოსურ კონტროლს“ განსაზღვრავს როგორც თავდაცვით ან შეტევით მოქმედებებს, რომლებიც კოსმოსურ სივრცეში უპირატესობის მოპოვებასა და მის კონტროლს ემსახურება. უწყების საბრძოლო დოქტრინის მიხედვით, ორბიტაზე შეტევითი მოქმედებები შეიძლება მოიცავდეს როგორც კინეტიკურ, ანუ ფიზიკურად დამაზიანებელ იარაღს, ისე არაკინეტიკურ საშუალებებს.
აშშ-ის ეს გადაწყვეტილება კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. აღნიშნული განცხადების პარალელურად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაჩქარებული ტემპით ცდილობს კოსმოსური შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, – ე.წ. „ოქროს გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის.















