აშშ-ში 2020 წელს სიგარეტის გაყიდვები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიზარდა

აშშ-ში 2020 წელს სიგარეტის გაყიდვები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გასულ წელს სიგარეტის გაყიდვები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიზარდა.

FTC-ის ინფორმაციით, თუკი აშშ-ში თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელმა დიდმა კომპანიებმა საბითუმო თუ საცალო მოვაჭრეებს 2019 წელს 202.9 მილიარდი სიგარეტი მიჰყიდეს, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 203.7 მილიარდამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის სიგარეტი 1981 წელს გაიყიდა და 636.5 მილიარდი ერთეული შეადგინა.

გარდა ამისა, მოიმატა პროდუქტის რეკლამისა და პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხის ოდენობამაც. ფედერალური სავაჭრო კომისიის ცნობით, ორი წლის წინ მსხვილმა მწარმოებლებმა ამ მიზნით 7.62 მილიარდი აშშ დოლარი გაიღეს, გასულ წელს კი – 7.84 აშშ დოლარი. ისიც უნდა ითქვას, რომ 2020 წელს ამ კომპანიების მიერ საცალო მოვაჭრეებისთვის გაკეთებული ფასდაკლებების საერთო მოცულობამ 6.07 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 0.9%-ით მოიმატა სიგარეტის გარდა თამბაქოს სხვა, მათ შორის დასაღეჭი და შესასუნთქი პროდუქტის ფორმით გაყიდვებმაც. მათი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 4.53-დან 4.82 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება პროდუქტის რეკლამისა და პოპულარიზაციისთვის კომპანიების მხრიდან გაწეულ ხარჯს, FTC-ის ინფორმაციით, მან 2019 წელს – 576.1 მილიონი აშშ დოლარი, 2020 წელს კი 567.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტების ვარაუდით, გასულ წელს აშშ-ში სიგარეტის გაყიდვების ზრდა კორონავირუსის პანდემიამ და დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შექმნილ ვითარებაში დეპრესიასთან გასამკლავებლად მოწევა არაერთ ამერიკელს დაეწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *